საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის 24-ე საერთო კრება


საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა

ფედერაციის 24-ე საერთო  კრება

2019 წლის 25 მაისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საქართველოს პროფესიონალ  ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 184 დელეგატი. კრება გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა.

კრების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საანგარიშგებო პერიოდში გარდაცვლილი ბაფის ნამდვილი წევრის, წლების მანძილზე საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის მდივნის, ოთარ ხარჩილავას ხსოვნას.

კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა რუსუდან ჟორჟოლიანი, მდივნად მირანდა ვაჟიბედაშვილი. 

დელეგატებმა კენჭი უყარეს და დაამტკიცეს საერთო კრების დღის წესრიგი. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ბაფის საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შესახებ, ანგარიში წარმოადგინა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა ( 2019 წლის საერთო კრების ანგარიში).

კრე­­­­ბის მონაწილეებს გაწეული საქმიანობის შესახებ ან­­­­­­­გა­­­­რი­­­­შე­­­­ბი გა­­­აც­­­­­­­ნეს კო­­­­მი­­­­ტე­­­­ტე­­­­ბის თავ­­­­­­­მ­­­­­­­ჯ­­­­­­­დო­­­­მა­­­­რე­­­ებ­­­­­­­მა: განათლების კო­­მი­­ტე­­ტის თავ­­­მ­­­ჯ­­­დო­­მა­­რემ კონსტანტინე დათიაშვილმა, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარემ მი­­ხე­­ილ აბა­­ი­­ა­­ძემ, საგადასახადო დაბეგვრის  კო­­მი­­ტე­­ტის თავ­­­მ­­­ჯ­­­დო­­მა­­რემ, დავით პაპიაშვილმა. 

ბაფის გამგეობის, კომიტეტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშო პერიოდში (20.05.2018 – 20.05.2019) გაწეული საქმიანობის  შემოწმების შედეგების შესახებ მოხსენებით წარსდგა კომისიის წევრი ხათუნა ბარბაქაძე (მოხსენება გამოქვეყნებულია ბაფის ვებგვერდზე baf.ge). სარევიზიო კომისიამ ბაფის მიერ საანგარიშგებო პერიოდში ჩატარებული საქმიანობა დადებითად შეაფასა.

ბაფის გამგეობის, კომიტეტებისა და სარევიზიო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ კრების მონაწილეებმა  გამოთქვეს მოსაზრებები და გამართეს დისკუსია. კერძოდ, მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვები დასვეს დელეგატებმა:  გიორგი ცერცვაძემ, მარინა გეთიამ, გიორგი ასლამაზიშვილმა, თამარ ედიშერაშვილმა. დასმულ კითხვებზე პასუხები გასცეს გამგეობის თავმჯდომარემ რუსუდან ჟორჟოლიანმა, კომიტეტების თავმჯდომარეებმა კონსტანტინე დათიაშვილმა, მიხეილ აბაიაძემ, დავით პაპიაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლავრენტი ჭუმბურიძემ. 

საერთო კრებამ კენჭი უყარა და დადებითად შეაფასა საანგარიშგებო პერიოდში ბაფის გამგეობისა და მთლიანად ბაფის საქმიანობა (მომხრე - 182, წინააღმდეგი - 0, თავი შეიკავა - 2).

 

 

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული „მიმდინარე საკითხების“ ფარგლებში,  საერთო კრების დელეგატებს საშუალება ჰქონდათ, მოსაზრებები გამოეთქვათ აღრიცხვასა და აუდიტთან დაკავშირებულ პრობლემებზე:

მურად ნარსია  -  შპს პრიმა აუდიტის დამფუძნებელი-პარტნიორი

1-ლი მოსაზრება

„აუდიტორულ კომპანიებსა და აუდიტორებს იმის გამო, რომ არა გვაქვს ინფორმაცია აუდიტორულ ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე (saras.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ იძლევა სრულ სურათს, მისი ფორმატის გამო), აგრეთვე სუბიექტების მიერ 2018 წლის 1 ოქტომბრისათვის წარდგენილი (ასევე საკმაოდ საინტერესო იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ზედამხედველობის სამსახურში მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოთა ფინანსურ ანგარიშგებათა შედგენა/წარდგენის პროცესში და შემდგომ გამოვლენილ ტენდენციებზე, კანონზომიერებასა და შექმნილ სიტუაციაზე (ვგულისხმობთ, თუ რამდენს უნდა წარედგინა ფინანსური ანგარიშგება, რამდენმა ვერ წარადგინა, რამდენმა წარადგინა ხარვეზით, რა ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა, რა ზომები იქნა მიღებული ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან, რა შედეგი გამოიღო და სხვა), მოკლებული ვართ შესაძლებლობას, აუდიტურმა კომპანიებმა განსაზღვრონ საქმიანობისა და მოქმედების სტრატეგია როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდზე. აღნიშნულის გამო, თხოვნა  გვაქვს ბაფის გამგეობასთან, ზედამხედველობის სამსახურის წინაშე  იქნებ დააყენოს საკითხი ანალიტიკური ხასიათის კვლევის შექმნასა და გამოქვეყნებაზე“.

მე-2 მოსაზრება

„აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ აუდიტორული კომპანიების ხარისხის მონიტორინგის პროცესში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაფიქსირდა ისეთი ხარვეზი, რომელიც, ძირითადად, დაკავშირებულია აუდიტორული კომპანიების მენეჯმენტის საქმიანობის (კორპორაციულ კულტურას ვგულისხმობ) შეუსაბამობასთან ასს-ის მოთხოვნებთან. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ მცირე აუდიტურ კომპანიებში გარიგების პარტნიორები, რომლებიც დაკავებული არიან მომსახურების გაწევისათვის სუბიექტების მოძიების (მათ შორის, მომსახურების დემპინგურ ფასად შეთავაზებით) საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილი პროცედურებით, პარალელურად ახორციელებენ რა აუდიტორულ და სხვა მომსახურებას, განიცდიან ადამიანური რესურსებისა და დროის მწვავე დეფიციტს - ასეთ პირობებში, ვერ უზრუნველყოფენ ყველა იმ პროცედურის დადოკუმენტირებას, რომელსაც ითვალისწინებენ შესაბამისი  ასს-ები. საკმაოდ გამკაცრებული მოთხოვნების გამო, მცირე, ერთი ან ორი აუდიტორის რესურსის მქონე, გათითოკაცებულ, დემპინგურ ფასად მომსახურებისათვის შესაბამისი სუბიექტების ძებნაში გადაგებულ, ნაკლებად ცნობად (მათ შორის იმის გამო, რომ თაობა გამოიცვალა) აუდიტურ კომპანიებს მომავალშიც საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნებათ და საბოლოოდ იძულებული იქნებიან, დატოვონ აუდიტური კომპანიების ბაზარი. მოქმედმა სამართლებრივმა სივრცემ დღის წესრიგში დააყენა მცირე აუდიტორული კომპანიების შედეგზე ორიენტირებული შერწყმა-გაერთიანების აუცილებლობა, ეს კარგად ესმით ჩვენს კოლეგებს, მაგრამ ბევრმა არ იცის, ეს როგორ გააკეთოს ისე, რომ ზიანი არ მიადგეს მის ცოდნას, გამოცდილებასა და პროფესიულ რეპუტაციას. ჩვენს კოლეგებს ისიც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მოქმედ კანონთან და აუდიტის ზედამხედველობასთან მონიტორინგის პროცესში ბრძოლას აზრი არა აქვს - დადგა დრო, როცა აუცილებელია, აუდიტორი უნდა მოექცეს ახალი მოთხოვნების ჩარჩოში.

ვითვალისწინებ რა ზემოაღნიშნულ სიტუაციას, განზრახვა მაქვს ბაფის წევრებს, გამგეობის ხელშეწყობით და გამგეობის შენობაში (ოფისში, აუდიტორიაში), ბაფის მენეჯმენტის მონაწილეობით ჯგუფ-ჯგუფებად შევხვდე და წარვუდგინო შესაბამისი პრეზენტაცია (სავარაუდოდ, ერთ თვეში მზად მექნება), სადაც წარმოდგენილი იქნება სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ სფეროში, აგრეთვე მოქმედების რეკომენდებული მიდგომები და პრინციპები. ვფიქრობ, ეს მოსაზრება აქტუალურია, შესაბამისობაშია ახალ გამოწვევებთან. მადლობელი ვიქნები თუ  ეს  მოსაზრება/ინიციატივა  მხარდაჭერილი იქნება ბაფის მენეჯმენტის  მხრიდან“.

კითხვა: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბაფმა ვალდებულება აიღო თარგმნოს აუდიტის პრაქტიკული სახელმძღვანელო (ე. წ. მანუალი). რა მდგომარეობაშია ახლა ეს პროცესი და როდის უნდა ველოდოთ ამ სახელმძღვანელოს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია აუდიტური კომპანიებისათვის.

დასმული კითხვის პასუხად, ბაფის აღმასრულებელმა დირექტორმა დელეგატებს მოახსენა, რომ მცირე და საშუალო ზომის აუდიტური კომპანიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე თარგმნისა და ექსპერტიზის პროცესი დასრულებულია, მიმდინარეობს მასალის რედაქტირება და იგი აუდიტური კომპანიებისა და აუდიტორებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე.

დასასრულ, ბაფში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, საერთო კრებამ გაწეული ღვაწლისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და საჩუქრები გადასცა:

ნუგზარ ლამანძიას

წლების მანძილზე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის  ფოთის ფილიალის ხელმძღვანელობისა და  ბუღალტერთა გადამზადებაში შეტანილი წვლილისათვის;

პავლე ქვარცხავას

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის   ფილიალის ხელმძღვანელობისა და  ბუღალტერთა გადამზადებაში   შეტანილი წვლილისათვის;

ბაკურ გვეტაძეს

წლების მანძილზე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის   იმერეთის  რეგიონალური ფილიალის  ხელმძღვანელობისათვის;

ანიკო აბულაძეს

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაარსებიდან აქტიური წევრობის, მისი საქმიანობის პოპულარიზაციისა და პროფესიის პრაქტიკულ განვითარებაში   შეტანილი წვლილისათვის.

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge