საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







სპეციალისტების მომზადება


სპეციალისტების მომზადება  საგამოცდო ტესტების/ამოცანების შედგენასა და  შეფასებაში

 ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის  სამსახურის (სარასი) მიერ აღიარებული „სერტიფიცირებული ბუღალტრის სრული  სასერტიფიკაციო პროგრამის“  მოთხოვნების საფუძველზე, ბაფი ეტაპობრივად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს  ბაფის სასერტიფიკაციო პროგრამის განვითარებაზე  მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მიღწეული საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნება და განვითარება, პროფესიის ახალი რეგულაციების კვალობაზე წამოჭრილი,  საზოგადოებრივი ინტერესისა და მოთხოვნების შესაბამისად.

დაგეგმილ ღონისძიებათა შორის აღსანიშნავია პროექტი, რომელიც  ითვალისწინებს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულების უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული ორგანიზაციების საგამოცდო ტესტების/ამოცანების  კვალიფიციური ავტორებისა და  შემფასებლების წრის გაზრდას, სპეციალური ტრენინგების მეშვეობით და ამ მიმართულებით, სერტიფიცირებული პირების ერთიანი რეესტრის შექმნას, რაც სასარგებლო იქნება როგორც პროფესიული ორგანიზაციების, ასევე აკადემიური სექტორისათვის და ხელს შეუწყობს მათი  საგამოცდო პროცესების დაახლოებას და ხარისხის ამაღლებას.

პროექტით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმილია ორ ეტაპად:

  • სპეციალისტების მომზადება საგამოცდო ტესტების/ამოცანების შედგენისა და შეფასების მეთოდოლოგიაში;
  • მეთოდოლოგიაში მომზადებული სპეციალისტების ტრენინგი, სერტიფიცირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დემონსტრირებით.

პროექტის მიზანია:

  • ქვეყანაში ბუღალტერთა განათლებისა და პროფესიული სერტიფიცირების პროცესების განვითარების ხელშეწყობა,  „ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და პროფესიის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული ბაზის მოთხოვნების შესაბამისად;
  • საგამოცდო ტესტების/ამოცანების შედგენისა და შეფასების   სერტიფიცირებული პირების ერთიანი რეესტრის შექმნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულების უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული ორგანიზაციების საგამოცდო პროცესების დაახლოება და ხარისხის ამაღლება.

არსებული მდგომარეობა 

დღევანდელი მდგომარეობით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ბაფი არის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში პროფესიული სერტიფიცირების გამნახორციელებელი ერთადერთი ორგანიზაცია. იგი 2003 წლიდან  პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებს ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ადაპტირებული ქართულენოვანი პროგრამით. ბაფს ჰყავს პროფესიული სერტიფიცირების საგამოცდო ტესტების/ამოცანების  შემდგენლებისა და შედეგების შემფასებელთა შეზღუდული რაოდენობა, რაც, ახალი რეგულაციების პირობებში,  საკმარისი არ არის და აუცილებელი გახდა ასეთი კვალიფიკაციის პირთა წრის გაზრდა, შესაბამისი ტრენინგების მეშვეობით.  

გარდა აღნიშნულისა, ქვეყანაში  ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფილის უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ ორგანიზაციებს არა აქვთ ერთიანი მეთოდოლოგია საგამოცდო ტესტების/ამოცანების  შედგენისა და შეფასების პროცესში, რაც გარკვეულ წინააღმდეგობებს უქმნის ამ უწყებებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და, აგრეთვე, პრობლემები ექმნებათ პროფესიული სერტიფიცირების მსურველებს.

ბაფმა 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში, წარმატებით განახორციელა დაგეგმილი ღონისძიების პირველი ეტაპი, კერძოდ:

2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა კონკურსი და ტრენინგში მონაწილეობისათვის შეირჩა შესაბამისი კანდიდატები, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლების ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები;

ტრენინგების ჩატარებაზე  შეისწავლა არსებულ ბაზარი და კონტრაქტი გააფორმა კომპანიასთან („ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი“ _ PMC), რომელსაც აქვს საგამოცდო მასალის შედგენის, რეცენზირებისა და შეფასების მეთოდოლოგიაში სათანადო გამოცდილება;

2019 წლის 1 მარტიდან 8 მაისამდე პერიოდში, ბაფის სასწავლო ცენტრში, ჩატარდა 80-საათიანი სემინარები. სემინარებში მონაწილეობდა  32 კანდიდატი  და შესაბამისი სერტიფიკატი  მიიღო  23 პირმა, რომლებსაც სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის წარმომადგენლებმა. 

ბაფის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩატარებული ღონისძიების შეფასებისას, ეფექტური და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისათვის, ბაფის  სახელით მადლობა გადაუხადა ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის წარმომადგენლებსა და სემინარში მონაწილეებს.

პროექტის მეორე ეტაპი

პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს   საგამოცდო ტესტების/ამოცანების შედგენისა და  შეფასების მეთოდოლოგიაში პირველ ეტაპზე მომზადებული სპეციალისტების  ტრენინგს, პროფესიული სერტიფიცირების სპეციფიკაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დემონსტრირებით.  

დღევანდელი მდგომარეობით, მიმდინარეობს მეორე  ეტაპის ტრენინგის დაგეგმვისა და დონორების მოძიების სამუშაოები. 

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

განხორციელებული ტრენინგებით,  სპეციალისტების   მომზადებისა და სერტიფიცირების შედეგად:

ბაფის საგამოცდო მოდულების ტესტების (ამოცანების) შემდგენლებისა და საგამოცდო ნაშრომების შემფასებელთა რაოდენობა და კვალიფიკაცია უპასუხებს ახალი რეგულაციების მოთხოვნებს;

გაიზრდება პროფესიული სერტიფიცირების პროცესებისადმი ქვეყნის შიგნით საზოგადოების ნდობისა  და საერთაშორისოდ აღიარების დონე; 

შეიქმნება სერტიფიცირებულ პირთა ერთიანი რეესტრი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში აკადემიური სექტორისა და პროფესიული ორგანიზაციების საგამოცდო პროცესების დაახლოებასა და ხარისხის ამაღლებას.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge