საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ყრილობა


ინფორმაცია ბაფის საერთო (21-ე) კრებაზე გამგეობის თავმჯდომარეობისა და გამგეობის წევრობის

კანდიდატების შესახე

 

მოკლე ინფორმაცია

გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნებთან დაკავშირებით

როგორც მოგეხსენებათ ბაფის წესდებით განსაზღვრულია, რომ საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩევიან  გამგეობის თავმჯდომარე და გამგეობის წევრები. არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პირთა რეგისტრაცია ხდება წინასწარი განცხადებების საფუძველზე. არჩევნებში კანდიდატად დარეგისტ­რირების მსურველ პირებს მოეთხოვებათ წინასწარ წარმოადგინონ თავიანთი ხედვა (სამოტივაციო წერილი),   არჩევის შემთხვევაში, გამგეობაში მათი საქმიანობის  შესახებ.  

შესაბამისად, ბაფის ყველა წევრს  უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო  არჩევნებში.

მიმდინარე საერთო (21-ე) კრებაზე არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა  რეგისტრაცია დაიწყო  2016 წლის 6 აპრილს და მიმდინარეობდა 2016 წლის 10 მაისამდე.

არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო ბაფის ვებგვერდზე და ჟურნალში „ბუღალტრული აღრიცხვა“.

წინასწარ გამოცხადებულ ვადებში არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი გაკეთებული აქვს 18  კანდიდატს, მათ შორის 1 განაცხადი არის გამგეობის თავმჯდომარეობაზე. შემოსული განაცხადები გამოქვეყნებული იყო ბაფის ვებგვერდზე.  

გთავაზობთ ბაფის გამგეობის თავმჯდომარეობისა და გამგეობის წევრობაზე მსურველი კანდიდატების  და სამოტივაციო წერილებს.

 

რევაზ ძაძამია

გამგეობის თავმჯდომარეობის კანდიდატი

მიმართვა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის საერთო კრების დელეგატებს:

პატივცემულო დელეგატებო, მოწვეულო სტუმრებო, ბაფი, თავისი არსებობის ორი ათეული წლის მანძილზე, არაერთხელ მდგარა სირთულის წინაშე, მაგრამ გამგეობის წევრების ერთსულოვნებისა და სწორი ხედვების წყლობით წარმატებით ართმევდა თავს გზადშემხვედრ დაბრკოლებებს. გამგეობის წევრების ეს ღვაწლი ორგანიზაციის წინსვლაში, ხშიდად ნაკლებად შესამჩნევი რჩება, რადგან არჩევნებიდან არჩევნამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის ყოველი დეტალის საანგარიშგებო მოხსენებაში  გადმოცემა ვერ ხერხდება. 

ალბათ გამგეობის წევრებისთვის საწყენი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ბაფის მიღწევებში განსაკუთრებულ როლს ასრულებს და უმეტეს პასუხისმგებლობას კისრულობს ბაფის გამგეობის თავმჯდომარე. უნდა ვაღიარო, რომ ამ მხრივ გამორჩეული იყო ჩვენი კოლეგის, ზურაბ ლალაზაშვილის ბაფის თავმჯდომარედ მოღვაწეობის ბოლო ექვსწლიანი პერიოდი. გულწრფელად ვამბობ, რომ მისი თავმჯდომარეობა მომდევნო წლებში უფრო მეტადაა სასურველი, რადგან პროფესია ახალი მარეგულირებელი წესების შემოღების წინაშე დგას და ბაფს, როგორც წამყვან პროფესიულ ორგანიზაციას მეტი ძალისხმევა დასჭირდება შეცვლილ გარემოში, ახალი გამოწვევებისათვის საპასუხოდ.

რადგან ბაფის წესდება მოითხოვს, რომ საერთო კრებამ ბაფის თავმჯდომარედ სხვა პირი აირჩიოს, კოლეგების თხოვნის გათვალისწინებით, ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. არსებულ ვითარებაში, როდესაც უნდა შეიცვალოს კანონი და როცა ძნელია წინასწარ განჭვრიტო როგორ კანონქვემდებარე აქტებს მიიღებს ახალი მაკონტროლებელი ორგანო, რთულია დაპირებების გაცემა. იმის მტკიცებასაც არ დავიწყებ, რომ სხვა კანდიდატზე უკეთესად შევძლებ ბაფის ხელმძღვანელობას.

ნათელია, რომ შეცვლილ ვითარებაში ბაფის მთავარი საზრუნავი პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი სწვლების პროგრამების გაძლიერებასთან ერთად გახდება პრაქტიკოსი ბუღალტრების გადამზადება იმ ახალი ამოცანის შესასრულებლად, რასაც საზედამხედველო ორგანოში ფინანსური ანგარიშგების წარდგენა გულისხმობს. არ გამოვრიცხავ, რომ მეტი ნების გამოვლენა გახდება საჭირო პროფესიის ინტერესების დასაცავად ახალი რეგულაციების სწორ კალაპოტში ჩასაყენებლად.

ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვფიქრობ რომ გამგეობის წევრები შევძლებთ შევიმუშაოთ გარემოების შესაბამისი სამოქმედო გეგმა და სწორი  ტაქტიკა ბაფის მოწინავე პოზიციების შესანარჩუნებლად.

 

 

ზურაბ ლალაზაშვილი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ძვირფასო ფედერაციის წევრებო,

გაცნობებთ, რომ გადავწყვიტე, კვლავ წარვადგინო ჩემი კანდიდატურა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრის პოზიციაზე.

პროფესიაში 1997 წლიდან ვარ, ხოლო 2000 წლიდან, როგორც პროფესიონალი ბუღალტერი, ვარ აუდიტური და საკონსულტაციო კომპანიის „ბიდიოს“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. შესაბამისად, ჩემი როლი პროფესიაში მოიცავს უშუალო პრაქტიკოსის და ასევე პროფესიული ფირმის მმართველის პასუხისმგებლობებსა და მიღწევებს.

მე მქონდა პატივი სამჯერ მემსახურა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მანამდე კი რამოდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი გამგეობის წევრი. ჩემი გადაწყვეტილება, რომ კვლავ ვიყო წარმოდგენლი ბაფის გამგეობაში ძირითადად გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოში ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ პროცესებში, ვმონაწილეობ სხვადასხვა სამუშაო ფორმატში, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მარეგულირებელი ევროდირექტივების დამკვიდრებასთან და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული რეგულაციების საქართველოში სრულად დამკვიდრებამდე ამ პროცესებში ვმონაწილეობდე როგორც ბაფის წარმომადგენელი.

შესაბამისად ვფიქრობ, რომ ჩემი როლი ბაფის გამგეობაში უნდა იყოს იმ კავშირების შენარჩუნება და გამყარება, რომელიც გასული წლების განმავლობაში დავამყარეთ და ასევე ბაფის სათანადოდ წარმოჩენა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში ბაფის ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან ერთად.

ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და კავშირები დამეხმარება ჩვენი ორგანიზაციის ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, გთხოვთ მხარდაჭერას ბაფის გამგეობის წევრის არჩევნებში.

 

 

ეიმურაზ ფარცხალაძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

მე როგორც საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრობის კანდიდატი და სტანდარტების კომიტეტის თავმჯდომარე, ვფიქრობ რომ ჩემი ფედერაციის გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში:

 მაქსიმალურად ვეცდები ხელი შევუწყო აუდიტის და აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გავრცელებას და დანერგვას საქართველოში, განსაკუთრებით კი  მცირე და საშუალო კომპანიების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დანერგვას, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით რელევანტურია საქართველოში მოქმედი 99%-ზე მეტი საწარმოებისათვის.

ასევე ხელს შევუწყობ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის, როგორც პროფესიონალური ორგანიზაციის განვითარებას და  პირველ რიგში მის პროფესიონალებზე ორიენტაციას და ფოკუსირებას.

მივიღო მონაწილემობა აღრიცხვა-აუდიტის კანონმდებლობის და რეგულირების განხილვაში, რომელიც შესაბამისი იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან და ხელს შეუწყობს აღრიცხვის და აუდიტის პროფესიის განვითარებას, სტანდარტების დამკვიდრებას და  ხარისხის კონტროლის სისტემის რეალურად განხორციელებას.

ხელს შევუწყობ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში / უნივერსიტეტებში იყოს აღრიცხვა აუდიტის სპეციალობებში საერთაშორსო სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამები, რათა სტუდენტმა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეიქმნას მყარი საფუძველი სწავლის გასაგრძელებლად, რათა მოიპოვოს პროფესიონალის

 

 

ლავრენტი ჭუმბურიძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

პატივცემულო დელეგატებო,  კოლეგებო, მოტივაცია მაქვს მეორედ  ვიყარო კენჭი ბაფის გამგეობის წევრობაზე.  ეს გადა-წყვეტილება განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ  ჩვენ  პროფესიაში სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობას ვეწევი თსუ სააღრიცხვო  ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების დღიდან. ჩემი მოღვაწეობის  ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია პროფესიული ორგანიზაციების  საქმიანობასთან.  ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირების თემაზე დაცული მაქვს სადოქტორო დისერტაცია. ვარ ბაფისა და ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვას“ თანადამფუძნებელი.

მიმაჩნია, რომ გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში,  შევძლებ აქტიურად ვიმოღვაწეო ბაფის  მოკლევადიანი და სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და მისი განხორციელების ღონისძიებებში. ვფიქრობ, ამ სფეროში ჩემი გამოცდილება სასარგებლო იქნება ჩვენი ორგანიზაციისათვის, რადგან სხვადასხვა პერიოდებში მონაწილეობას ვიღებდი  პროფესიული ორგანიზაციების მართვისა და განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ 10–ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში და სხვადასხვა სემინარებში.  აღნიშნულის გარდა მიმაჩნია,  შევძლებ წარმატებით ვიმოღვაწეო ბაფის საქმიანობის შემდეგ სფეროებში:

ბაფის წევრებთან ურთიერთობა.   ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული  წევრებთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობაა. ამ მიმართულებით გავლილი მაქვს ტრენინგები ხორვატიაში, აშშ–ში, ვმონაწილეობდი ამ თემებზე ჩატარებულ სხვადასხვა კონფერენციებში და სემინარებში.  არჩევის შემთხვე­ვაში,   ჩემს გამოცდილებას  მოვახმარ წევრებთან ურთიერთობის საკითხების გაუმჯობესებას;

სახელმწიფო სტრუქტურებთან (მთავრობა, პარლამენტი) თანამშრომლობა და პროფესიის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის ლობირება. მონაწილეობას ვიღებდი საქართველოს კანონების: „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ (1999 წელი), „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ (2012 წელი) კანონპროექტების მომზადებაში;

პროფესიული და აკადემიური განათლების პროგრამების შესაბამისობა.   მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი  აკადემიური განათლების პროგრამების  პროფესიული სერტიფიცირების პროგრამებთან დაახლოებისა და ცალკეულ წიგნებში ჩათვლების მისაღწევად. შესაძლებლად მიმაჩნია ამ სფეროში ჩემი გამოცდილებისა და კონტაქტების გამოყენება;

აღმასრულებელ სტრუქტურაში მუშაობა.  ბაფში ჩემი მოღვაწეობის უმთავრესი ნაწილი აღმასრულებელ სტრუქტურას უკავშირდება. თქვენ საშუალება გაქვთ თვალი ადევნოთ ჩვენი ორგანიზაციის ყოველწლიურ ბიუჯეტებსა  და ფინანსური ანგარიშგებებს ამიტომ ამ სფეროში ჩემი შესაძლებლობების შეფასება თქვენგან უფრო უპრიანი იქნება. 

პატივცემულო ბაფის წევრებო, გთხოვთ პირუთვნელად  შეაფასოთ ჩემი შესაძლებლობები და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

 

ნიკოლოზ ბაკაშვილი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ძვირფასო წევრებო!     

გულწრფელი მინდა ვიყო და ამიტომაც დიდი მორიდებით თავს უფლება მივეცი, პირველად მეყარა კენჭი იმ პროფესიული ორგანიზაციის გამგეობის წევრად, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დაუდო საფუძველი ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიების განვითარებას, სრულყოფასა და პოპულარიზაციას და აგერ  ოცი წელი  საქართველოს შესაბამისი პროფილის პროფესიულ ორგანიზაციათა ფლაგმანია

ბედის ირონიად შეიძლება მივიჩნიოთ ჩემი პიროვნებისთვის, ,,ბაფის“ პარალელურად  ჩემი პროფესიული ზრდის საკითხი მთელი 21 წლის განმავლობაში. მე ხომ 1995 წლიდან ვეწევი აუდიტორულ საქმიანობას, ჩემს მიერ დაფუძნებული იქნა და დღემდე ვხელმძღვანელობ შპს აუდიტურ ფირმა ,, ბაკაშვილი და კომპანია’’–ს, ვარ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა და ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი, მაქვს  გამოქვეყნებული 43 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 5 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო.

სინანულით შემიძლია ავღნიშნო ,,ბაფის’’  წევრობის გარეთ გატარებული პერიოდის შესახებ, რადგანაც ამ პროფესიულ ორგანიზაციაში ჩემი და ჩემს მიერ დაფუძნებული კომპანიის წევრობის შემდეგ მომეცა საშუალება უფრო კრიტიკულად მემსჯელა  პროფესიული ხარისხის მიმართ, რომელიც ყველა პროფესიონალი ბუღალტრისა და აუდიტორისათვის თვითრეალიზაციის გამოვლენის საუკეთესო შანსს იძლევა.

ჩემი ამ პროცესში მუშაობის მანძილზე, რომელიც უკვე 21 წელს ითვლის, მოკრძალებული სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ პროცესების გარშემო, რომლებიც დახვეწავენ, გაზრდიან და პოპულარიზაციას გაუწევენ ჩვენს პროფესიას. სწორედაც, რომ ჩემი ,, ბაფ’’ – ის გამგეობის წევრად არჩევაც, ჩემი მხრიდან მოტივირებულია უფრო მეტი ჩართულობით ჩვენს ქვეყანაში პროფესიის განვითარებისა და სრულყოფილების საქმეში და დავიცავთ ჩვენი პროფესიის თითოელ წარმომადგენელთა პროფესიულ თვითმყოფადობას, რომელიც დასაბამს მისცემს ეროვნული პროფესიული კადრების დამკვიდრებას და პოპულარიზაციას უცხოურ აუდიტორულ კომპანიებთან თანამართლზომიერ პირობებში  ქართულ აუდიტორულ ბაზარზე.

 პატივცემულო დელეგატებო, კოლეგებო, თქვენი მხარდაჭერისა და გამგეობის წევრად  არჩევის  შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდები ჩემი სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება სრულად მოვახმარო ბაფისა და ზოგადად, პროფესიის შემდგომ განვითარებას. 

 


 კონსტანტინე დათიაშვილი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

1998 წლიდან - დღემდე პერიოდის განმავლობაში, რამოდენიმეჯერ არჩეული ვიყავი ბაფის გამგეობის წევრად, პროფესიული განათლების კომიტეტის წევრად და ამ კომიტეტის თავჯდომარედ.

პროფესიული განათლების კომიტეტის თავჯდომარეობის პერიოდში დაგროვდა ცოდნა და გამოცდილება პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი საქმიანობის ფარგლებში, ასევე ქვეყნის გარეთ მიღებული გამოცდილებისა და კომპეტენციის საფუძველზე.

გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, ჩემი ცოდნა, პრაქტიკული ჩვევები, კვალიფიკაცია და გამოცდილება  გამოყენებული იქნება ბაფის გამგეობის მუშაობის განახლებისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის, ასევე ბაფის წევრების განათლებისა და სერტიფიცირების საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად და გასაუმჯობესებლად.

მოკლედ, გამგეობაში არჩევის შემთხვევაში, ჩემი სამოქმედო გეგმის სესახებ:

  1. განათლების სტანდარტების პერიოდული განახლება და მისი პრაქტიკაში იმპლემენტაცია.
  2. დიდი ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ინგლისურენოვან პროგრამაზე ადაპტირებული ქართულენოვანი პროგრამით პროფესიონალი ბუღალტრების სერფიცირების პროცესის განხორციელება.
  3. ბაფსა და ACCA -ის პროგრამას შორის აკრედიტაციის  პროგრამის მოთხოვნების სრულყოფა და აღიარება, მიღწეული ჩათვლების სისტემის  შემდგომი პერიოდისათვის შენარჩუნება და მესამე დონის 9-14 წიგნის ჩათვლების სისტემაზე  მუშაობა.
  4. სერტიფიცირების ახალი ადაპტირებული პროგრამის ჩამოყალიბება და მისი დანერგვა, დახვეწა და პრაქტიკაში განხორციელება.
  5. მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების პროგრამაში ცვლილებებისა და შესაძლო ცალკე სასერტიფიკაციო პროგრამად ჩამოყალიბება.
  6. ბაფის ნამდვილი წევრებისათვის სავალდებულო გაგრძობითი სწავლების ორგანიზება და თემატური საკითხების მომზადება, შერჩევა.
  7. გაგრძობითი სწავლების კრედიტების სისტემის სრულყოფა და მსმენელთა მოთხოვნების შესწავლა და ინფორმირება.

 

 

ნოდარ ებანოიძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

პატივცემულო ბაფის წევრებო, გულახდილად მინდა მოგახსენოთ, რომ წლების მანძილზე საქმიანობის ფართო სპექტრის მიუხედავად, პროფესიული საქმიანობა ჩემი ცხოვრების ნაწილია და ყოველთვის ვიამაყებ ისეთი პროფესიული ორგანიზაციის წევრობით, როგორიცაა  ბაფი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ 2012–2016 წლებში ვიყავი ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრი.

სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში:  ეკონომიკის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში; საქართველოს კონტროლის პალატაში; აუდიტურ კომპანიაში პარტნიორი – აუდიტორი და სხვ. ჩაბარებული მაქვს დიდი ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) პროგრამით გათვალისწინებული პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიცირების 7 წიგნი. ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

მე, როგორც საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრობის კანდიდატი, გამგეობაში არჩევის შემთხვევაში, ვფიქრობ, ხელს შევუწყობ:

  1. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის  სრულყოფის ლობირებას პარლამენტსა და სახელმწიფო სტრუქტურებში;
  2. პროფესიული მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფილად ამოქმედებას და მის განხორციელებას;
  3. ბაფის სტრატეგიული და მიმდინარე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძი-ებების დაგეგმვასა და შესრუ­ლებას.

ვაცნობიერებ რა ბაფის წინაშე მდგარ ამოცანებს  მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის  რეგულირების პრაქტიკის ევროდირექტივებთან შესაბამისობის აუცილებლობას,  მიმაჩნია, რომ  ჩემი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება სასარგებლო იქნება  მათი გადაჭრის ღონისძიებების მომზადებასა  და განხორციელებაში.

პატივცემულო დელეგატებო,

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი, როგორც  ბაფის გამგეობის წევრობის კანდიდატმა. გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში,   შევეცდები გავამართლო თქვენი იმედები და მოკრძალებული წვლილი შევიტანო ბაფისა და, ზოგადად, პროფესიის შემდგომი განვითარების  საქმეში.

 

 

კახა რუხაძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი,

პატივცემულო დელეგატებო,

სურვილს გამოვთქვამ წარვადგინო ჩემი კანდიდატურა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრის პოზიციაზე. ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმით, რომ  რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობ ბაფთან და  მისი საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობ ჩვენი წევრების მიერ ბაფში შემოსული წერილებზე მომზადებული პასუხების   ექსპერტიზაში.

ბაფთან თანამშრომლობის გარდა, ჩემი პროფესიული გამოცდილება საგადასახადო დაბეგვრის სფეროში მოიცავს 16 წლიან პერიოდს, მათ შორის:

სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული როგორც მოქმედი, ასევე წინამორბედი საგადასახადო კოდექსების პროექტების განხილვებში, გახლავართ „საგადასახადო კოდექსის კომენტარების“ (2012) მთავარი რედაქტორი და ერთ-ერთი ავტორი, ასევე წარმოვადგენ შემოსავლების სამსახურის „სიტუაციური სახელმძღვანელოების“ დახვეწის მიზნით  ამავე ორგანოს ინიციატივით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთ  წევრს. დღეისათვის ვმუშაობ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის (KPMG საქართველო) საგადასახადო იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ვფიქრობ, გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, ჩემი გამოცდილება, ცოდნა და კავშირები  ხელს შეუწყობს კომუნიკაციის შემდგომ გაღრმავებას საგადასახადო პრობლემატიკით დაინტერესებულ სხვადასხვა ორგანიზაციებთან (სახელმწიფო სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები) და ამ პროცესებში ბაფის სტატუსის ამაღლებას; ასევე, ვფიქრობ ხელი შევუწყო ბაფის ინდივიდუალური წევრების აქტიურ ჩართულობას საგადასახადო დაბეგვრის სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების კუთხით.

 

 

ირმა    იოსელიანი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი 1987 წელს.

ვარ პროფესიონალი ბუღალტერი და ბაფის ნამდვილი წევრი 2002 წლიდან. ყოველწლიურად გავდივარ განგ­რძობითი სწავლების გადამზადების კურსს.

მაქვს საბუღალტრო სფეროში 17 წლის მუშაობის  გამოცდილება, ხოლო აუდიტის სფეროში 12 წლის.

ამ ხნის მანძილზე ვმუშაობდი სხვადასხვა სფეროს კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ფინანსისტად, ფინანსურ მენეჯერად (შპს “ტექნოლიზინგი”,შპს “კონსაუდი”, სემეკი, შპს “ინდიფენდენტ ჯორჯიან პრესს”, შპს “goodwill”, შპს “ვერიტას ბრაუნ კაუკაზუსი”). ამჟამად ვმუშაობ საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო ფირმაში შპს “NBI outsourcing-consulting”-ში დირექტორის თანამდებობაზე.

2012 წელს არჩეული ვიყავი ბაფის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, რამაც საშუალება მომცა უფრო ღრმად ჩავწდომოდი ბაფის მუშაობის პრინციპს, დავინახე როგორ სასარგებლო საქმიანობას ეწევა და რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ჩვენი პროფესიის ადამიანებისათვის.

აქედან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი მონაწილეობა მივიღო ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში, ჩემი დაგროვილი გამოცდილება გამოვიყენო ჩვენი პროფესიის განვითარებაში და ბაფის ახლად არჩეულ წევრებთან ერთად ორგანიზაციის წარმატებაზე ვიზრუნო. მე ვთვლი ბაფის წარმატება ჩვენი პროფესიის ადამიანების პროფესიონალური წარმატების ტოლფასია, რადგან ის შექმნილია ზუსტად ამისათვის.

მე მიყვარს და  ვამაყობ ჩემი პროფესიით. 

 

 

თამარ ცუხიშვილი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

პატივცემულო დელეგატებო,

განათლებით ვარ ეკონომისტი,  2004-2007 წლებში დავამთავრე პროფესიული სერტიფიცირაების (ACCA) სრული კურსი ქართულად და მომენიჭა პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსი. ამჟამად სწავლას ვაგრძელებ ACCA  პროფესიულ დონეზე ინგლისურენოვან პროგრამაში.  2010 წლიდან ვარ აუდიტორი, ხოლო 2014 წლიდან მონიჭებული მაქვს საჯარო სექტორში აუდიტის ჩატარების უფლება.

2005 წლიდან დღემდე  ვმუშაობ აუდიტორულ კომპანია „კონსაუდში“. თავდაპირველად აუდიტის ასისტენტად 2010 წლიდან კი აუდიტორად.

მაქვს პედაგოგიური  საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება  პროფესიული სერტიფიცირაების (ACCA) ქართულენოვან პროგრამაში. ვკითხულობ  აუდიტის ლექციებს მეორე ეტაპზე და პროფესიულ დონეზე.

2004 წლიდან ვარ ფედერაციის წევრი.

ჩემი ათწლიანი პროფესიული საქმიანობა მთლიანად დაკავშირებულია ფედერაციასთან. 2011 წლიდან ვარ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში  კონსულტანტი ბუღალტრულ და საგადასახადო საკითხებში. ამავე დროს ვარ განათლების კომიტეტის წევრი.

მიმაჩნია, რომ გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, შევძლებ აქტიური მონაწილეობა მივიღო პროფესიული განათლებისა და წევრებთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, ვიცნობ რა პროფესიაში ბაფის მიზნებსა და გამოწვევებს  მაქსიმალურად შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო მისი საქმიანობის სხვა მიმართულებით განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და შესრულებაში.

 

 

ივანე ჯელია

გამგეობის წევრობის კანდიდატი

წინამდებარე წერილის მიზანია ჩემი თავისა და იმ ფაქტორების წარმოჩენა, რომელთა გამოც  ვფიქრობ,  რომ ჩემი მონაწილეობა  გამგეობაში სასარგებლო იქნება ბაფისა და პროფესიისათვის.

დაბადებული ვარ თბილისში 1971 წელს. დამთავრებული მაქვს სახელმწიფო უნივერიტეტი. ვარ დაოჯახებული, მყავს ხუთი შვილი. ვარ პროფესიონალი ბუღალტერი 2002 წლიდან და შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯიას“ მართველი პარტიორი 1996 წლიდან, ფირმის დაარსებიდან.

დაახლოებით 12 წელია ვმუშაობ ბაფის გამგეობაში და აუდიტის ხარისხის კონტროლის კომიტეტში. ამ პერიოდის განმავლობაში ბაფის მუშაობისას ჩემ ძირითად  მიზნებს შეადგენდა:

  • კორპორატიული და ფიზიკური წევრებისა და ზოგადად პროფესიისათვის ბაფის სარგებლიანობისა და უკუგების ამაღლება;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კანონის ცვლილებების წარმოება და ლობირება;
  • აუდიტის ხარისხის კონტროლის სისტემის მეთოდოლოგიური და ნორმატიული ბაზის შექმნა და პრაქტიკული დანერგვა, სწორედ კომიტეტის ჩემი მართველობის დროს ჩემს კოლეგებთან ერთად კომიტეტში შეიქმნა პირველი მეთოდოლოგიური კითხვარები და ჩატარდა პირველი ხარისხის კონტროლის შემოწმებები;
  • ბაფის წარმოდგენა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებში;
  • ბაფის გამგეობაში აქტიური მონაწილეობა მისი გამჭირვალობის, ეფექტურობისა და პროფესიონა­ლიზმის გაზრდის კუთხით;

მე ვთვლი, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ ამ მიმართულებით, თუმცა ძალზე დინამიური და ცვალებადი გარემოს გამო ბაფის წინაშე კვლავაც დგას რთული, შეიძლება ითქვას სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოწვევები, როგორიცაა:

  • ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად ჩასატარებელი პროფესიის რეგულირებაში შესატანი ცვლილებების მხარის აბმა;
  • პროფესიის მარეგულირებელი კანონი, რომელიც ცვლილებას მოითხოვს;
  • ხარისხის კონტროლის სისტემის მოდიფიკაცია ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად.

ჩემი აზრით, ამ პრობლემების დაძლევა მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. ჩემი სურვილია არჩეული ვიყო გამგეობაში, ვინაიდან მჯერა, რომ გამგეობიდან უფრო ეფექტურად შევძლებ დავეხმარო ბაფსა და პროფესიას ამ რთულ და გარდამტეხ პერიოდში.

 

რუსუდან ჟორჟოლიანი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

რუსუდან მიხეილის ასული ჟორჟოლიანი დაბადებული 1958 წლის 12 აპრილს, ქართველი, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ეკონომისტი. ფედერაციის წევრი ვარ ორგანიზაციის დაარსების დღიდან, ნამდვილი წევრი 2002 წლის იანვრიდან. ოთხ საარჩევნო პერიოდში არჩეული ვიყავი გამგეობის წევრად, გამგეობის წევრი ვარ დღესაც.

გამგეობაში ჩემი საქმიანობა მიმდინარე საკითხებზე მუშაობის გარდა,  ძირითადად უკავშირდებოდა განათლების კომიტეტსა და საწევრო კომიტეტში საქმიანობას. Gგარდა ამისა, ბაფში ჩემი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებული იყო და არის იმერეთის ფილიალთან, რომელიც ბაფ-ის დაარსებიდანვე ფუნქციონირებს. ბაფ-ის ნამდვილ წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იმერეთის ფილიალიდან არის წარმოდგენილი.

ჩემი პროფესიული საქმიანობა, რომელიც მუდმივად დაკავშირებული იყო ბაფ-თან, კერძოდ ორგანიზაციულ საქმიანობასთან, სასერტიფიკაციო პროგრამების ჩამოყალიბება-სრულყოფასთან, სალექციო პრაქტიკასთან, ორგანიზაციის ავტორიტეტის ზრდის კუთხით იდეოლოგიურ საქმიანობასთან, მაძლევს იმის რწმენას, რომ სწორად ვხედავ ორგანიზაციის მიზნებს და კარგად მესმის მიწი წევრების საჭიროებები და მოთხოვნები, რაც მაძლევს იმის გამბედაობას, კვლავაც გამოვთქვა სურვილი და გავაკეთო ბაფ-ის გამგეობის წევრად არჩევის კანდიდატის განაცხადი.

გასულ სასარჩევნო პერიოდში გამგეობას პროფესიისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხებზე მოუწია მუშაობა, განსაკუთრებით გამოვყოფდი ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს: პროფესიის საკანონმდებლო რეგულირებისა და აუდიტის ხარისხის კონტროლის განხორციელების საკითხებს.

ამ საკითხების დარეგულირებაში დღეს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ფედერაციას, თუმცა ეს საკითხები ჯერჯერობით არ ამოწურულა და მომდევნო საარჩევნო პერიოდშიც არანაკლებ საპასუხისმგებლო სამუშაოები ექნება განსახორციელებელი გამგეობას, რაც ალბათ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროფესიის სამომავლო განვითარებას და ჩვენი ორგანიზაციის როლსა და ფუნქციას ამ საქმეში.

ბაფ-ის გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში მზად ვარ და თავს მოვალეთ ვთვლი ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩვენი პროფესიისა და პროფესიული ორგანიზაციის სრულყოფასა და განვითარებას, კერძოდ:

  1. პროფესიული რეგულირების საკითხებზე მუშაობაში მონაწილეობას;
  2. პროფესიული განათლების სრულყოფისა და სერთიფიცირების საქმიანობაში მონაწილეობას;
  3. ორგანიზაციის წევრებთან ურთიერთობის, კერძოდ თითოეული წევრის პროფესიული ინტერესების გათვალისწინებისა და ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას წევრთა ინფორმაციულობისა და აქტივობის ამაღლების კუთხით განსახორციელებელ საქმიანობებში მონაწილეობს;
  4. ორგანიზაციის რეგიონალური განვითარების სრულყო-ფის საქმიანობაში მონაწილეობას და სხვა აქტივობებს.

 

გიორგი კვინიკაძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ძვირფასო ფედერაციის წევრებო,

ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე ორი წელია ვარ ბაფის გამგეობის წევრი. ეს პერიოდი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბაფისთვის, გამოირჩეოდა რეფორმების სიმრავლით და მათი მნიშვნელობით. პირადად მე, როგორც ბაფის გამგეობის წევრი, აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადახვა რეფორმის დანერგვასა და ორგანიზებაში, მათი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში, ასევე, სხვადასხვა სამთავრობო  ჯგუფებთან ურთიერთობაში წარმოვადგენდი და ვიცავდი ბაფის ინტერესებს.

თქვენ უკვე გაგაჩნიათ ინფორმაცია ჩემს მიერ განვლილი პროფესიული გზის შესახებ, ამიტომ აღარ განვმეორდები და მოგახსენებთ, რომ მიმდინარე პერიოდისთვის გახლავართ მსოფლიოში რიგით მეექვსე დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების უმსხვილესი ქსელური კომპანია  RSM International-ის წევრი - „RSM საქართველოს“ დირექტორი და დამფუძნებელი. RSM-ის გლობალური ქსელი აერთიანებს 110-ზე მეტ ქვეყანას, 730-მდე ოფისსა და 37500 პროფესიონალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ RSM-ი, როგორც ფირმების ფორუმის (Forum of Firms) დამფუძნებელი წევრი, მუდმივად სრულყოფს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიებს, რაც მნიშვნელოვანი ცოდნის და გამოცდილების  გაზიარების საშუალებას მაძლევს ფედერაციის წევრებისათვის. ამ ეტაპზე, ჩვენი კომპანია უძღვება, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ აუდიტორულ, საგადასახადო, იურიდიულ, საშემფასებლო, საინვესტიციო და სხვა საკონსულტაციო პროექტებს.

მე, როგორც პრაქტიკოსი, ადგილობრივ ბაზარზე ფინანსურ და საბუღალტრო სფეროებში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილებით და, ასევე, პროფესიული ფირმის ხელმძღვანელი, როგორც ბაფის წევრი 2011 წლიდან, სრულად ვაცნობიერებ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დგას ფედერაცია. ვთვლი, რომ გამაჩნია შესაბამისი რესურსი, რომლის ეფექტური გამოყენებით შესაძლებელია ჩემი წვლილი შევიტანო ბაფ-ის უფრო მეტად განვითარებისა და ავტორიტეტის ამაღლების პროცესში. სურვილი მაქვს, ჩემი შესაძლებლობანი მოვახმარო ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიათა პოპულარიზაციას, ამ სფეროში მოღვაწეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და აღნიშნულ პროცესში ბაფ-ის მიერ შესასრულებელი როლის კიდევ უფრო მკაფიოდ ხაზგასმას. სწორედ ამის საფუძველზე გადავწყვიტე, წელსაც მივიღო მონაწილეობა ბაფ-ის გამგეობის წევრობის არჩევნებზე.

რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ვთვლი, რომ მიმდინარე პერიოდისათვის ერთობლივად გადასადგემელი გვაქვს შემდეგი ნაბიჯები:

  1. როგორც მოგეხსენებათ, ატესტაციის, ბუღალტერიისა და აუდიტორული საქმიანობის სტანდარტის განსაზღვრის მიზნით, მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება, რაც მოითხოვს გეგმაზომიერი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით, რათა არ მოხდეს ამ ბაზის რეალობისგან სრული მოწყვეტა და ჩვენი პროფესიის წარმომადგენელთა უფლებების ხელყოფა. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ბაფ-ი თითოეულ ჩვენგანთან ერთად, აქტიურად უნდა იყოს ჩართული კანონშემოქმედებით საქმიანობაში.
  2. მნიშვნელოვანია, ბაფ-ის მხრიდან საერთაშორისო საბუღალტრო ასოციაციებთან ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მათთან მჭიდრო პროფესიული კავშირების ხელშეწყობა წევრების მუდმივი პროფესიული განვითარებისათვის;
  3. პროფესიული განათლების სრულყოფის მხარდაჭერა - ფედერაციის მიერ პროფესიონალი ბუღალტრის/აუდიტორის კვალიფიკაციის მინიჭების სისტემის განვითარება;
  4. საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის იმიჯის ამაღლებაზე ზრუნვა, მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, ფედერაციის რეპუტაციის და პოზიციის გამყარება, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო სტრუქტურებთან.
  5. წევრი კომპანიების ლობირება სახელმწიფო სტრუქტურებთან და მათი ინტერესების დაცვა;
  6. წევრებთან ანგარიშვალდებულების ამაღლების ხელშეწყობა და მათი ინტერესების გათვალისწინება.

ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები თანხვედრაში იქნება იმ მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმასთან, რომელიც შემუშავდება ჩვენ მიერ ფედერაციის განვითარებასა და გაფართოებისათვის.

იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ფედერაციის სასიკეთოდ.

 

 

თამარ ედიშერაშვილი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ძვირფასო დელეგატებო, კოლეგებო, თავს უფლებას ვაძლევ ბედი ვცადო ისეთი აღიარებული და წარმატებული ორგანიზაციის მმართველი ორგანოს წევრობაზე როგორიც ბაფია. ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა რეგიონებში პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერის სურვილმა და ჩავთვალე, რომ  გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, უკეთ შევძლებ  მიზნის განხორციელების ხელშეწყობას.

ბუნებრივია რეგიონებში მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გასატარებელ ღონისძიებათა უმრავლესობა სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ ბაფის უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეწონილად მიმაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან დამყარდეს მეტი კომუნიკაცია ბაფის პროგრამების გაცნობის მიზნით. მუნიციპლიტეტების მიერ საჭიროა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით  განხორციელდეს ქმედითი ღონიძიებები, რომლებიც არამარტო ფინანსისტების, არამედ ბიზნესმენების დატრენინგებას გულისხმობს. მათი დიდი უმრავლესობა ვერ ერკვევა საგადასახადო და სააღრიცხვო რეგულაციების მიმართულებებში, ვერ აღიქვმენ ბუღალტერიას, როგორც ბიზნესის ენას და მხოლოდ სახელმწიფოსგან „თავდასაცავად“ მიმართავენ ბუღალტერს, ანუ საგადასახადო  დეკლარაციების ჩასაბარებლად. აქედან გამომდინარე  რაიონებში მრავლადაა სააღრიცხვო დარგის მომსახურე პერსონალი მინიმალური ანაზღაურებით, რაც საბოლოო ჯამში არასწორ წარმოდგენას ქმნის ბიზნეს გარემოზე. ამიტომ მერებსა და გამგებლებს ნათლად უნდა აეხსნათ  ამ კუთხით განათლების როლი ქვეყნის განვითარების დაჩქარების საქმეში.

გარდა ამისა, მიზანშეწონილად მიმაჩნია რეგიონებში განთავსებულ უმაღლეს სასწავლებლებთან მემორანდუმების გაფორმება. მათ მიერ მომზადებული კადრების მიწოდება  სრულ შეუსაბამობაშია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.  საჭიროა რეგიონებში სპონსორების მოზიდვა რომ მათთან  კურსდამთავრებულთაგან მსურველებმა გაიარონ მცირე პრაქტიკული კურსი ბაფის პროგრამებით.

გამგეობის წევრად ჩემი არჩევის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საკითხებთან ერთად, მაქსიმალურად ვეცდები აქტიური მონაწილეობა მივიღო ბაფის შემდგომი განვითარების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებში.

 

 

მიშა აბაიაძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ვითვალისწინებ რა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრება საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრს და ვითვალისწინებ რა ჩემს გამოცდილებას ამ სფეროში, გთავაზობთ ჩემს კანდიდატურას ბაფის გამგეობაში წევრობაზე. წარმოგიდგენთ ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ მოკლე ინფორმაციას:

დაბადებული ვარ ქ. თბილისში,  1980 წლის 18 თებერვალს.  ვარ დაოჯახებული, მყავს ორი შვილი. გავლილი მაქვს ლიდერთა სკოლის პროგრამა მანჩესტერის უნივერსიტეტში. დღეისათვის ვემზადები სადოქტორო ნაშრომის დასაცავად მას შემდეგ, რაც დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი და მომენიჭა წარჩინებული ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი. ვარ სერთიფიცირებული აუდიტორი და პროფესიონალი უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებელი.

მაქვს 16 წლიანი გამოცდილება პროფესიული მომსახურების და პედაგოგიური საქმიანობის სფეროში, მათ შორის:

  • 3 წელი- აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომ­­პა­ნია, Morison Georgia, LLC, დირექტორი/პარტნიორი.
  • 5 წელი - აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომ­­პა­ნია, UBC International, LLC; სპეციალისტთა გუნდის წევრი და ლიდერი; სხვადასხვა თანამ­დებობები;
  • 8 წელი - საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს სა­კონსულტაციო კომპანია PKF UBC Services, LLC, აღმასრულებელი დირექტორი / პარტნიორი;
  • 5 წელი - პროფესორის ასისტენტი - პედაგოგიური საქმი­ანობის გამოცდილება ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროფესიული კარიერის მანძილზე წარმატებით ვუძღვებოდი აუდიტორულ, იურიდიულ-საგადასახადო, საშემფასებლო, საინვესტიციო, კორპორატიული განვითა­რების და სხვა ბიზნეს-საკონსულტაციო პროექტებს როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ბიზნესის დაკვეთით.

ვარ შემდეგი პროფესიული ორგანიზაციების წევრი:

  • საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი და ამავე ფედერაციის საწევრო კომიტეტის თავმჯდომარე (2010–2016, gfpaa.ge);
  • საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების პირველი ვიცე პრეზიდენტი და საბჭოს წევრი (ivsg.ge);
  • საქართ­ველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის წევრი (gsmea.ge).

ვფიქრობ, რომ გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში,  მიღებული ცოდნით და პროფესიული გამოცდილებით მზად ვარ ჩვენს კოლეგებთან   წვლილი შევიტანო ორგანიზაციის წარმატებაში, მხარი დავუჭირო ბაფ-ის როლის გაძლიერებას აუდიტური საქმიანობის რეგულირების პროცესში და გავაძლიერო წევრების ჩართულობა ფედერაციის საქმიანობაში.

 

                                   

ლია  გოგსაძე

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრად არჩევის კანდიდატის სამოტივაციო წერილი 

დავამთავრე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკის ფაკულტეტი, მრეწველობის  ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით, 1999 წელს მივიღე პროფესიონალი ბუღალტრის წოდება. 2010 წელს დავამთავრე ბაფის პროფესიული სერთიფიცირების პროგრამა, რომელიც ეფუძნება ACCA პროგრამას.

ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში ფინანსურ მენეჯერად, მთავარ ბუღალტრად, აუდიტორად, აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს უფროსად. მაქვს ბუღალტრად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება.

ამავე დროს ვარ “პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის” პროფესიული გადამზადების ფაკულტეტის ლექტორი წიგნებში F3 ”ფინანსური აღრიცხვა”, F7 “ფინანსური ანგარიშგება”, F8 “აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება”, 17 წლის განმავლობაში.

2000 წელს  ვიყავი საგადასახადო ინსპექციის მოხელეთა გადამზადების და 2005 წელს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის “კონრტოლის პალატის მოხელეთა გადამზადების” ლექტორი.

ვმონაწილეობ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიების განვითარების საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში.

ვარ ბაფის ნამდვილი წევრი და ვიყავი სხვადასხვა დროს გამგეობის წევრი.

მაქვს სურვილი კვლავ გავხდე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის  წევრი და აქტიური მონაწილეობა მივიღო იმ მნიშნელოვან საქმეში რაც აუცილებელია ჩვენი პროფესიის განვითარებისა და ახალი პროფესიონალების ჩამოყალიბების საქმეში.

 

 

ალექსანდრე კავთიევსკი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

დავიბადე 1955 წლის 31 მარტს. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. გავლილი მაქვს ბაფის პროფესიული სერთიფიცირების სრული კურსი-2002წ. დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-1991წ, საქართველოს პოლიტექნიკური ინტიტუტი-1977წ. ვარ  ბაფის დამფუძნებელი,პროფესიონალი ბუღალტერი ბაფ-ის ნამდვილი წევრი 2002 წლიდან.

1996 წლიდან 2013 წლამდე ვიყავი საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის წევრი, ხოლო 1996-2001 წლებში ამავე საბჭოს განყოფილების გამგის მოადგილე.

1998-2006 წლებში ვიყავი და  2010 წლიდან დღემდე ვარ   ბაფის  გამგეობის წევრი.1998-2006 წლებში ვიყავი ბაფის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.ამჟამად ვარ ბაფის  წევრებთან ურთიერობის მენეჯერი.

ჩემი გამგობის წევრად არჩევის შემთხვევაში, საკითხები რომლებზეც გავამახვილებ ყურადღებას მოცემულია ქვემოთ თეზისების სახით.

თეზისები:

  • ბაფის გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება 2-დან 4 წლამდე.
  • გაუქმდეს ბაფის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და მისი ფუნქციები გადაეცეს ბაფის გამგეობის თავმჯდომარეს. ამავე დროს შემოღებულ იქნეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც დაინიშნება გამგეობის მიერ.
  • გამგეობის შემადგენლობის არჩევა მოხდეს ეტაპობრივად, რითიც გამგების შემადგენლობაც განახლდება და მემკვიდრეობითობაც არ დაირღვევა;
  • ბაფის სარევიზიო კომიისიის მუშაობის აუდიტის პრინციპებზე გადაყვანა;
  • ბაფის სარევიზიო კომისიის დებულების დახვეწა, რათა  უფრო ეფექური და რეგლამინტირებული გახდეს მისი მუშაობა და დაიხვეწოს სარევიზიო კომისის საქმიანობის სფერო და მასშტაბები;
  • ბაფის სარევიზიო კომისიის უფლებამოსილების ვადის ისე შეცვლა,რომ იგი არ ემთხვეოდეს გამგეობის უფლებამოსილების ვადას;
  • საწევრო კომიტეტის მუშაობის გაძლიერება ბაფის წევრების შენარჩუნებისა და ახალი წევრების მოზიდვის მიმართულებით, რეზერვების მოძიება არა მარტო ACCA-ის სტუდენტებში, არამედ პროფესიაში დასაქმებულებშიც;
  • ბაფისწევრებსა და წევრობის კანდიდატებს შორის სააგიტაციო, საინფორმაციო მუშაობის გაძლიერება: IFAC-ის, ბაფის მიზნებისა და ამოცანების, მათი სტრუქტურის და ამ ორგანიზაციების წევრების  უფლება მოვალეობების შესახებ;
  • ACCA-ის სტუდენტებისთვის მინიმალური აკადემიური დროის გამოყოფა წევრების უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და ამსაკითხების ტესტირებებში ჩართვა.

 

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge