აუდიტური კომპანიებისთვის
ინფორმაცია ბაფის წევრი აუდიტური კომპანიებისთვის
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული (ბრძანება №ნ-132017) განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად:
სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია, ყოველ წელს გაიაროს, სულ მცირე, შემოწმებადი 30-საათიანი განგრძობითი განათლება. განგრძობითი განათლების პროცესს უზრუნველყოფენ პროფესიული ორგანიზაციები.
პროფესიული ორგანიზაციები ვალდებული არიან, მონიტორინგი გაუწიონ თავიანთი წევრ სერტიფიცირებულ ბუღალტერთა განგრძობით განათლებას.
სტანტარტით გათვალისწინებულია აუდიტორულ ფირმაში გავლილი სასწავლო ღონისძიებების ჩათვლა:
მუხლი 12. აუდიტორულ ფირმაში გავლილი სასწავლო ღონისძიებების ჩათვლა
- პირი განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულების დადასტურებისათვის უფლებამოსილია პროფესიულ ორგანიზაციას წარუდგინოს დამსაქმებელ აუდიტორულ ფირმაში შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (სწავლის ერთეული (საათი), სასწავლო ღონისძიების დასახელება, ნომერი და შინაარსი).
- პროფესიული ორგანიზაცია, უფლებამოსილია ჩაუთვალოს სერტიფიცირებულ ბუღალტერს სამუშაო ადგილზე (აუდიტორული ფირმის პოლიტიკის ფარგლებში) გავლილი სასწავლო ღონისძიებების (ტრენინგის, სემინარის, ელექტრონული სწავლების და ა.შ) შესაბამისი სწავლის ერთეული (საათი) განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულებად.
- სასწავლო ღონისძიებების პოლიტიკა და პროცედურები აუდიტორული ფირმის შიდა კონტროლის სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად უნდა იყოს დოკუმენტირებული.
განათლების სტანდარტის ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით გთხოვთ მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე უზრუნველყოთ:
- კომპანიის განგრძობითი სასწავლო ღონისძიებების პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა;
- აუდიტორულ ფირმაში 2018 წელს დაგეგმილი განგრძობითი განათლების სტანდარტის მე-16 მუხლის შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის/ინფორმაციის (თემატიკა, სწავლის ერთეული (საათი), სასწავლო ღონისძიების დასახელება, ნომერი და შინაარსი) წარმოდგენა;
- კომპანიის განგრძობითი სასწავლო პროგრამა,როგორც მინიმუმი, უნდა მოიცავდეს ზედამხედველობის სამსახურის მიერ აღიარებული ბაფის 2018 წლის განგრძობითი პროგრამის თემატიკასა და საათების რაოდენობას ან:
- კომპანიაში დასაქმებული სერტიფიცირებული პირების მონაწილეობა ბაფის 2018 წლის განგრძობითი განათლების პროგრამაში, რომელიც მიმდინარეობს 21 სექტემბრიდან და გაგრძელდება 25 დეკემბრამდე. ინფორმაცია პროგრამის თემატიკის, გრაფიკისა და ჯგუფებში რეგისტრაციის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე:
baf.ge -განათლება და სერტიფიცირება- განგრძობითი განათლება
ბაფის განათლების კომიტეტი