საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა
საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა
ქ. ვენა 2017 წლის 30-31 მაისი
2017 წლის 30-31 მაისს ვენაში STAREPP-ის (აუდიტისა და ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში) პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, ბატონი რევაზ ძაძამია და ბაფის განათლების კოორდინატორი, ქალბატონი მარინა რევაზიშვილი.
STAREP მსოფლიო ბანკის პროგრამაა, რომელიც 2013 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კორპორაციული ანგარიშგებისათვის ეფექტური ინსტიტუციონალური საფუძვლებისა და გამჭვირვალე გარემოს დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ღონისძიების პირველი დღე დაეთმო მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტების დონის შენარჩენებისათვის სტრატეგიის შემუშავებისა და დანერგვის საკითხებს. აღნიშნულ ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ასევე განათლების საერთაშორისო სტანდარტებში სწავლის შედეგებზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებაზე - მისი გამოყენების სარგებლიანობასა და დანერგვის გზებზე.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს დამსწრე საზოგადოებისათვის პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ.
ფორუმის მეორე დღე დაეთმო მცირე და საშუალო საწარმოებსა და მცირე და საშუალო პრაქტიკის ფირმებს. მასში მონაწილება მიიღო ცენტრალური აზიის, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 20 ქვეყნის ბუღალტრული აღრიცხვის რეგიონალური და ეროვნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. განხილულ იქნა დღესდღეობით არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევებზე ოპტიმალური რეაგირების გზები.
შეხვედრის მსვლელობისას პრეზენტაციით წარდგნენ ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი (IFAC) და კომიტეტის წევრები და წარმოადგინეს საერთაშორისო ფირმების კვლევის შედეგად ფორმირებული რეკომენდაციები მცირე და საშუალო პრაქტიკის ფირმებისათვის. მათ ისაუბრეს, ერთი მხრივ, ტექნოლოგიების როლსა და, მეორე მხრივ, აუდიტორული მომსახურების პარალელურად, სხვა, უფრო მრავალფეროვანი საკონსულტაციო მომსახურებების შემოღების მნიშვნელობაზე მცირე და საშუალო პრაქტიკის ფირმების განვითარებისათვის. ასევე, ყურადღება გამახვილდა ეთიკის კოდექსის მნიშვნელობაზე, ვინაიდან სწორედ ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს კლიენტებში ნდობის ფაქტორის აღმოცენებას. აღნიშნული რეკომენდაციები ფირმებს დაეხმარება არსებული კლიენტების შენარჩუნებასა და ახალი კლიენტების მოზიდვაში.
პოლონეთის ბუღალტერთა ასოციაციის 110 წლისთავი
ქ. ვარშავა 6-7 ივნისი
მიმდინარე წლის 6-7 ივნისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა კონგრესი, რომელიც ეძღვნებოდა პოლონეთის ბუღალტერთა ასოციაციის 110 წლისთავს.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პოლონეთის ფინანსთა სამინისტოს წარმომადგენლები, ასევე სტუმრები მსოფლიო ბანკიდან, ბუღალტერთა მსოფლიო ფედერაციიდან (IFAC), წარმომადგენლები გერმანიის, ესტონეთის, ლიტვის, ესტონეთის, უკრაინის, სერბიის, რუმინეთისა და საქართველოს პროფესიული ორგანიზაციებიდან.
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას კონგრესზე წარმოადგენდა ბაფის გამგეობის წევრი, ბატონი ნოდარ ებანოიძე.
კონგრესის მიმდინარეობის პერიოდში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 8 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუმინეთი, ლატვია, ლიტვა ესტონეთი, სერბია და პოლონეთი) პროფესიული ორგანიზაციის მიერ ხელი მოეწერა მემურანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
კონგრესის ფარგლებში გაიმართა თემატური კონფერენციები, რომლებიც ორგანიზებული იყო უნივერსიტეტებთან და ასოციაციის რეგიონულ ფილიალებთან ერთად. კონფერენციაზე მოხსენებებში წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროფესიის ფართო მიმოხილვა და მიღწევები, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, როგორც მეცნიერების განვითარებისა და პრაქტიკის შესახებ.
კონგრესზე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას გადაეცა ჯილდო, პოლონეთის ბუღალტერთა ასოციაციასთან 20-წლიანი თანამშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის მიერ ორგანიზებული სემინარი
21-22 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში“ მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრისა (CFRR) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, STAREP პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული სემინარი ჩატარდა თემაზე: „ეროვნული ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში განათლების გასაძლიერებლად“.
აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში (STAREP) წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) რეგიონულ პროგრამას. აღნიშნული პროგრამის მიზანია გამჭვირვალე პოლიტიკის მქონე გარემოს და ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა კორპორაციული ანგარიშგებისთვის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. STAREPP-ის პროგრამის ფარგლებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით განათლების სფეროში მოღვაწე საზოგადოების (EduCoP) წარმომადგენლები ერთად მუშაობენ პროფესიული განათლების მოდერნიზაციასა და თანამედროვე ბუღალტერთა და აუდიტორთა შემდგომ განვითარებაზე.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი უნივერსიტეტებისა და პროფესიული ორგანიზაციებისათვის. სემინარი ასევე მიზნად ისახავდა მომდევნო სამოქმედო გეგმის განსაზღვრას ბუღალტრული და აუდიტორული განათლების მოდერნიზაციისთვის უნივერსიტეტსა და პროფესიულ ორგანიზაციებში. სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოში მიღწეული პროგრესი და პროფესიული განათლების სტანდარტის განვითარების პერსპექტივები. მონაწილეებს გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დასახული მიზნების მისაღწევად.
სემინარს ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, უნივერსიტეტებისა და აუდიტორთა და ბუღალტერთა პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარდგნენ მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
აღნიშნული პრეზენტაციები დაეთმო ისეთი მნიშნელოვანი თემების მიმოხილვას, როგორიცაა განათლების საერთაშორისო სტანდარტები, პროფესიული სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ახალი კანონით განსაზღვრული რეფორმის ბოლოდროინდელი ინიციატივები, სამსახურის მიერ წარმოდგენილი სტანდარტებისა და წესების პროექტები და სხვ.
სემინარში ბაფიდან მონაწილეობდნენ: გამგეობის თავმჯდომარე, ბატონი რევაზ ძაძამია; აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ლავრენტი ჭუმბურიძე; განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი კონსტანტინე დათიაშვილი და განათლების კოორდინატორი, ქალბატონი მარინა რევაზიშვილი.