დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა კომპეტენციის დადასტურებისა და რეესტრის წარმოების წესის შესახებ
(დამტკიცებულია 29.03.2024; სხდომის ოქმი 3)
შესავალი
დებულების მიზანია მცირე და საშუალო საწარმოთა ბუღალტრების პროფესიული კომპეტენციის დადასტურების საფუძველზე აღიარება და მათი რეესტრის წარმოების წესების განსაზღვრა;
დებულება ეფუძნება ნებაყოფლობით პრინციპს, რაც გულისხმობს ბუღალტრის თავისუფალ არჩევანს სერტიფიცირებისა და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების პროცესში მონაწილეობაში;
დებულება შემუშავებულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის განათლების სტანდარტებისა და რეკომენდაციების საფუძველზე. იგი სრულ შესაბამისობაშია ბაფის წესდებასა და საქართველოს კანონმდებლობასთან.
ტერმინთა განმარტება
ბაფი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია;
მსს ფასს - მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი;
სერტიფიცირების გამოცდა - მსს ბუღალტრის პროფესიული კომპეტენციის მოდულებში ცოდნის დადსტურება;
პროფესიული კომპეტენცია - ბუღალტრის ცოდნის, გამოცდილების, უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ღირსების ერთობლიობა;
პრეტენდენტი - მსს ბუღალტრის პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსურველი;
სერტიფიცირების პროგრამის და სილაბუსების შემმუშავებელი საბჭო - ბაფის განათლების კომიტეტთან შექმნილი პროფესიული ორგანიზაციებისა და გაერთიანებების, აკადემიური სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის პრაქტიკოს ბუღალტერთა მონაწილეობით შექმნილი დროებითი საბჭო;
საგამოცდო კომისია - მსს პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისათვის სერტიფიცირების გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესზე პასუხისმგებელი სპეციალურად შექმნილი კომისია;
გამოცდაზე ზედამხედველობა - პრეტენდენტის ქცევის ნორმიდან გადაცდომის აღსაკვეთი პრევენციული ღონისძიება, მისი გამოცდაზე რეგისტრაციის მომენტიდან საგამოცდოდ გამოყოფილი დროის ამოწურვამდე;
გამოცდაზე ზედამხედველი - საგამოცდო კომისიის მიერ შერჩეული პირი, რომელიც იცნობს ბაფის გამოცდების ჩატარების წესებს, აცნობიერებს ზედამხედველად მოწვევით მის მიმართ გამოხატულ ნდობას და დაკისრებულ ვალდებულებას;
გამოცდაზე დამკვირვებელი - პროფესიული ორგანიზაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენელი, რომელიც წინასწარი განაცხადის საფუძველზე, გამოცდაზე დაშვებულია დამკვირვებლის სტატუსით;
პროფილით მუშაობა - ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფინანსური მენეჯმენტის, საინვესტიციო ანალიზისა და საგადასახადო კონტროლის სფერო;
ეკვივალენტური განათლება - პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაცია;
პროფესიული კომპეტენციის დადასტურება - დებულებით განსაზღვრული მსს ბუღალტრთა პროფესიული კომპეტენციის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება;
მსს კომპეტენტური ბუღალტერი - მსს ბუღალტრთა პროფესიული კომპეტენციის მოთხოვნების შესაბამისად სერტიფიცირებული პირი;
მსს კომპეტენტური ბუღალტრების რეესტრი - მსს კომპეტენტური ბუღალტრის სერტიფიკატის მფლობელი პირების რეესტრი.
პროფესიული კომპეტენციის დადასტურება
3.1 პროფესიული კომპეტენციის დადასტურება ნიშნავს, რომ განსაზღვრული მომენტისათვის ბაფის ბუღალტერთა რეესტრში რეგისტრირებულ პირს გააჩნია მცირე და საშუალო საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის აუცილებელი პროფესიული კომპეტენცია;
3,2. ბუღალტრის ცოდნა მოწმდება სერტიფიცირების გამოცდების ჩაბარების გზით, რომელიც ტარდება მოცემული დებულების შესაბამისად;
გამოცდების ჩაბარებისა და დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, პირს მიენიჭება მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის მქონე ბუღალტრის სტატუსი, რომელიც დასტურდება სერტიფიკატით, რაც მსს კომპეტენტური ბუღალტრების რეესტრში რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა;
სერტიფიკატის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია იმ პირობით, რომ პროფესიული კომპეტენციის მქონე ბუღალტრები ბაფში რეგულარულად გაივლიან სწავლებას, სავალდებულო განგრძობითი განათლების დებულების შესაბამისად.
პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მოთხოვნები
პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსურველს (შემდეგში პრეტენდენტი)
მოეთხოვება:
ა) ზოგადი ხასიათის განათლება, რომლის გარეშე შეუძლებელია ბუღალტერს ჰქონდეს ფართო თვალსაწიერი, უნარი იმისა, რომ ეფექტურად იაზროვნოს და ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, შეძლოს აბსტრაქტული, ლოგიკური მსჯელობა და კრიტიკული ანალიზი;
ბ) ორგანიზაციულ-სამეურნეო ხასიათის განათლება, რომელიც ბუღალტერს აძლევს ცოდნას ბიზნესის, მართვის, მარკეტინგის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში, უვითარებს კომუნიკაციის, კავშირისა და ურთიერთობის უნარ-ჩვევებს;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების გამოყენების ცოდნა და უნარ-ჩვევები;
დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და მომიჯნავე დისციპლინების ცოდნა.
4.2. ცოდნის წარმატებით გამოყენებაში ბუღალტერს ეხმარება პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელიც
პროფესიული გამოცდილების შედეგია.
პრეტენდენტს პროფესიული გამოცდილების შედეგად გამომუშავებული უნდა ჰქონდეს:
ა) ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომელიც მას დაეხმარება, რთულ ორგანიზაციულ სიტუაციაში იმოქმედოს ლოგიკურად და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება;
ბ) კავშირ-ურთიერთობის უნარი, რომელიც მას დაეხმარება სხვა მომუშავეებთან თანამშრომლობაში;
გ) კომუნიკაციური უნარი, რომელიც მას დაეხმარება ინფორმაციის მიღებასა და გადაცემაში.
პროფესიული ღირსების თვალსაზრისით, პრეტენდენტს მოეთხოვება:
ა) იყოს პატიოსანი, ობიექტური და დამოუკიდებელი;
ბ) ემორჩილებოდეს შესაბამის პროფესიულ ნორმებს;
გ) იცნობდეს და აღიარებდეს ბაფის ეთიკის კოდექსს;
დ) დაიცვას პროფესიული ქცევის პრინციპი;
ე) მუდმივად ზრუნავდეს თავისი კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე.
პრეტენდენტის პროფესიული ცოდნის დონე მოწმდება სერტიფიცირების გამოცდით.
საგამოცდო მოდულებია:
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
მმართველობითი აღრიცხვა;
ბიზნესის სამართალი;
აუდიტის საფუძვლები;
საგადასახადო დაბეგვრა;
ეთიკის კოდექსი;
კომპიუტერული ტექნოლოგიები და საბუღალტრო პროგრამების გამოყენება.
ბუღალტრის უნარ-ჩვევების დადასტურების მიზნით მოითხოვება პროფილით მუშაობის გამოცდილება.
სერტიფიცირების პროგრამა და სილაბუსები
სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებლად იქმნება (შემუშავდება) საგამოცდო მოდულების პროგრამა და სილაბუსები
სერტიფიცირების მოდულების პროგრამას და სილაბუსებს შეიმუშავებს ამ მიზნით ბაფში სპეციალურად შექმნილი საბჭო
საგამოცდო მოდულების პროგრამებს და სილაბუსებს ამტკიცებს ბაფის განათლების კომიტეტი და ქვეყნდება ბაფის ვებგვერდებზე: baf.ge; “bugaltrebi.ge” და ჟურნალში „ბუღალტრული აღრიცხვა“
სერტიფიცირების გამოცდისთვის გათვალისწინებული პროგრამა და სილაბუსები გადაისინჯება/განახლდება პერიოდულად, მსს ფასს-ში, პროფესიული ეთიკის კოდექსში, საგადასახადო დაბეგვრისა და ბიზნესსამართლის მარეგულირებელ ნორმებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.
სერტიფიცირების გამოცდაზე პრეტენდენტის დაშვება
სერტიფიცირების გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც:
ა) აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და პროფილით) მუშაობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება; ან
ბ) აქვს პროფესიული ეკონომიკური (ან ეკვივალენტური) განათლება და პროფილით მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება; ან
გ) აქვს უმაღლესი არაეკონომიკური განათლება, გავლილი აქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში გადამზადების კურსები და გააჩნია პროფილით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება.
პრეტენდენტი პროფესიული გამოცდისათვის მომზადებას გადის ბაფის სასწავლო ცენტრში, სხვა პროფესიულ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებებში, ან გამოცდისთვის ემზადება დამოუკიდებლად.
პრეტენდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირი გამოცდების ჩატარების თარიღამდე, მინიმუმ, ერთი თვით ადრე უნდა იყოს გამოცდაზე რეგისტრირებული ბაფში.
პირმა პრეტენდენტად რეგისტრაციისათვის ბაფში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
პირადი განცხადება;
განათლების დამადასტურებელი საბუთის ასლი;
პროფილით მუშაობის დამადასტურებელი საბუთი;
საგამოცდო გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
საგამოცდო კომისია
განათლების კომიტეტი ქმნის საგამოცდო კომისიას (შემდეგში კომისია) და ამტკიცებს კომისიის პერსონალურ შემადგენლობას.
კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პროფესიული ორგანიზაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლები. ასევე, დამკვირვებლის სტატუსით, წინასწარი განაცხადის საფუძველზე, დასაშვებია სხვა პირების მიერ გამოცდებზე მეთვალყურეობა.
კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც დამოუკიდებელია საგამოცდო ტესტების შედგენაში, გამოცდის ჩატარებასა და ნაშრომების შეფასებაში.
კომისიის შემადგენლობა უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოცდო ტესტების მომზადება და პრეტენდენტების ნაშრომების შეფასება, პროგრამის ყველა მოდულის მიხედვით.
კომისია იქმნება გამოცდების ჩატარების თარიღამდე სამი თვით ადრე და უფლებამოსილია გამოცდების შესახებ ანგარიშგებამდე.
კომისია ანგარიშვალდებულია განათლების კომიტეტის წინაშე. ანგარიშგების ვადა განისაზღვრება გამოცდის დამთავრებიდან 15 კალენდარული დღით.
გამოცდების ჩატარების წესი
სერტიფიკატის მოსაპოვებლად გამოცდები ჩატარდება წელიწადში ორჯერ - ივნისსა და დეკემბერში
წინამდებარე დებულების 6 პუნქტში მოცემული მოდულები, გარდა კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების გამოყენებისა, ერთად ბარდება.
გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის პრეტენდენტი, რომელიც კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების გამოყენების უნარს გამოავლენს სერტიფიკატის მოსაპოვებელ გამოცდამდე 1-3 დღით ადრე ჩატარებულ გამოცდაზე.
გამოცდა ტარდება ტესტებისა და ამოცანების გამოყენებით, რომლებიც სრული კონფიდენციალობის პირობებში მზადდება საგამოცდო კომისიის მიერ და პრეტენდენტისთვის ცნობილი ხდება გამოცდის დაწყების მომენტში;
გამოცდაზე ქცევის წესები, ნაშრომის შეფასების ზოგადი პრინციპი და გამსვლელი ქულა პრეტენდენტს წინასწარ განემარტება.
პრეტენდენტი გამოცდაზე დაიშვება პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ. საბუთის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პრეტენდენტი გამოცდაზე არ დაიშვება.
გამოცდაზე დასაშვებია მხოლოდ კომისიის მიერ ნებადართული დამხმარე მასალების გამოყენება. დაუშვებელია სხვა პრეტენდენტთან ინფორმაციის სიტყვიერი ან სხვა ფორმით აზრთა გაცვლა. აღნიშნული წესების დამრღვევი პრეტენდენტი იხსნება გამოცდიდან და მიიჩნევა, რომ გამოცდა ვერ ჩააბარა.
გამოცდაზე მეთვალყურეობის უფლება აქვთ მხოლოდ საგამოცდო კომისიის მიერ შერჩეულ ზედამხედველებს და დამკვირვებლის სტატუსით მოწვეულ პირებს. უცხო პირები და გულშემატკივრები საგამოცდო სივრცეში არ დაიშვებიან.
საგამოცდო პროცესზე დაკვირვება ხდება აუდიო/ვიდეო კამერებით, როგორც საგამოცდო აუდიტორიაში, ასევე დერეფნებსა და მოსაწევად გამოყოფილ ადგილებში, რის შესახებ პრეტენდენტების წინასწარი ინფორმირება სავალდებულოა.
საგამოცდო დროის ხანგრძლივობას ადგენს განათლების კომიტეტი. იგი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი პრეტენდენტისათვის.
გამოცდის ბოლოს, ზედამხედველების მიერ, ხდება საგამოცდო ნაშრომების კოდირება და ნამუშევარი ბარდება საგამოცდო კომისიას, რომელიც 2 დღის ვადაში ნამუშევრებს გასასწორებლად გადასცემს ამ მიზნით შერჩეულ პირებს.
პრეტენდენტის ნამუშევარი უნდა გასწორდეს და შედეგები წარედგენოს განათლების კომიტეტს გამოცდების დღიდან 5 დღის ვადაში
პრეტენდენტებს გამოცდების შედეგები ეცნობება კომიტეტის მიერ მისი დამტკიცებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
წარმატებულად ითვლება ნაშრომი, რომელიც შესაძლო 100 ქულიდან მინიმუმ 70 ქულას დაიმსახურებს.
პრეტენდენტს უფლება აქვს გააპროტესტოს მიღებული შედეგი, მისი გამოცხადებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
გაპროტესტების შემთხვევაში პრეტენდენტის ნაშრომს განმეორებით განიხილავს საგამოცდო კომისია და შედეგები პრეტენდენტს ეცნობება თავის ნაშრომზე მიმოხილვასთან ერთად.
გამოცდაზე უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში, პრეტენდენტს უფლება აქვს გამოცდა ჩააბაროს მომდევნო საგამოცდო პერიოდებში. ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტი გამოცდის საფასურს ხელახლა გადაიხდის.
გამოცდები, როგორც წესი, ტარდება ქ. თბილისში. გამოცდების ჩატარების კონკრეტულ დროსა და ადგილს ადგენს პროფესიული განათლების კომიტეტი, რომელიც ამ ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს გამოცდებამდე სამი თვით ადრე.
პრეტენდენტების საგამოცდო ნამუშევრები (ტესტები, ამოცანები და მათი პასუხები) გამოცდების ჩატარებიდან 6 თვის განმავლობაში ინახება ბაფის განათლების კომიტეტში.
სტატუსის მინიჭებისა და სერტიფიკატის გაცემის საკითხს იხილავს ბაფის განათლების კომიტეტი. სერტიფიკატი გაიცემა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ათი დღის ვადაში.
კომპეტენციის აღიარება/ჩათვლა
მსს ბუღალტრის პროფესიული კომპეტენციის მქონე პირებად აღიარებული არიან:
ბაფის პროფესიული სასერტიფიკაციო პროგრამის პირველი და მეორე საფეხურის კურსდამთავრებულები ან/და ბაფის მთავარი ბუღალტრის სერტიფიკატის მფლობელები.
ამ მუხლის 9.1. პუნქტით განსაზღვრულ პირებს რეესტრში რეგისტრაციისათვის მოეთხოვებათ 2020 წლის შემდეგ პერიოდში პროფესიაში 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დადასტურება და ამასთან ერთად, განგრძობითი განათლების გავლა ერთჯერადად.
პროფესიული კომპეტენციის დადასტურება
მსს ბუღალტრის პროფესიული კომპეტენციის დადასტურება მოხდება შესაბამისი სერტიფიკატით. სერტიფიკატი გაიცემა ბუღალტრის პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადასტურების შემდეგ.
რეესტრის წარმოებისა და რეესტრში რეგისტრაციის წესი
რეესტრში რეგისტრაცია
ბაფი ქმნის და აწარმოებს პროფესიული კომპეტენციის მქონე ბუღალტერთა რეესტრს;
რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია.
რეესტრში რეგისტრაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს:
პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი ბაფის სერტიფიკატის არსებობა;
ბაფის წევრობა;
პირის განაცხადი რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.
რეესტრში რეგისტრირებული პირები ექვემდებარებიან ბაფის ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს და ყოველწლიურ სავალდებულო განგრძობით სწავლებას.
რეგისტრაციის გაუქმება
რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება მოხდეს:
რეგისტრირებული პირის სურვილით;
პროფესიულ ორგანიზაციაში წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში;
განგრძობითი განათლების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო;
პროფესიული ორგანიზაციის მიერ წევრი პირის მხრიდან პროფესიული ეთიკური ნორმების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში.
დებულების ძალაში შესვლა
დებულება ძალაში შედის 2024 წლის 1 სექტემბრიდან