top of page

ქსელის, ასოციაციის ან ალიანსის წევრობა

განვითარებადი ბაზრების მცირე ფირმების ზრდის გასაღებია


ეს სტატია გამოქვეყნდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ვებგვერდზე 2024 წლის 16 სექტემბერს.


სტატიის ავტორები:



 

ბიზნესის სამყაროში მეწარმე სუბიექტები სწრაფად იზრდებიან, ან ორგანულად, ან შერწყმისა და შთანთქმის მეშვეობით, ან კომბინირებულად ორივე გზით. თუმცა, ბუღალტრულ სფეროში ზრდის სხვა გზა არსებობს: ქსელის, ასოციაციიის ან ალიანსის წევრობა. მცირე და საშუალო ფირმებს, რომლებიც ზრდისკენ ესწრაფიან, მაგრამ ამავე დროს სურთ დამოუკიდებულობის ნაწილობრივ ან მთლიანად შენარჩუნება,  განსაკუთრებით განვითარებად, მათ შორის გლობალური სამხრეთის განვითარებად ბაზრებზე _ შეუძლიათ შეუერთდნენ საერთშაორისო ქსელს, ასოციაციას ან ალიანსს. როგორც ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ბიულეტენი გვამცნობს, გლობალური ქსელები და ასოციაციები სწრაფად იზრდება და, როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება მათში გაწევრინების უპირატესობების ზრდის კვალდაკვალ.

ბევრი მცირე და საშუალო ფირმა, რომელიც ცალკე მოქმედებს, დაინტერესებას გამოხატავს გაერთიანების მიმართ, თუმცა, ბევრ მათგანს ეს არ გაუკეთებია, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც. მიზეზები სხვადასხვანაირია, მაგრამ მათ შორის მთავარია  ცოდნის ნაკლებობა იმისა, რომ ბევრი შესაფერისი ქსელი, ასოციაცია და ალიანსი, რომელიც ჯერ არ შესულა მათ ბაზრებზე, ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია წევრობისთვის. თუმცა, ისმის კითხვა: რა რეალური უპირატესობები აქვს ამგვარ ღონისძიებას და როგორ უნდა გაკეთდეს ეს.

ამ სტატიაში განხილულია საერთაშორისო ქსელის, ასოციაციისა და ალიანსის წევრეობის უპირატესობები (და ნაკლოვანებები), ასევე მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია იმის თაობაზე, როგორ  უნდა გაკეთდეს არჩევანი, ხოლო სტატიის ბოლოს მითითებულია თქვენთვის  სასარგებლო რამდენიმე რესურსი.


რას წარმოადგენს ქსელი, ასოციაცია ან ალიანსი?

 

პროფესიული მომსახურების ქსელი არის დამოუკიდებელი ფირმების საქმიანი ქსელი, რომლებიც დამკვეთებისთვის პროფესიული მომსახურების გაწევის საკითხში ერთიანდებიან და ერთმანეთთან თანამშრომლობენ გარკვეული ორგანიზაციული სტრუქტურის მეშვეობით. ამგვარი ქსელები განსაკუთრებით გავრცელებულია სამართლისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში. ასოციაციებსა და ალიანსებს, ჩვეულებრივ, ნაკლებად ორგანიზებული და ნაკლებად მკაცრი სტრუქტურები აქვს, ვიდრე ქსელებს, ასევე წევრობისთვის შედარებით ნაკლები პრივილეგიები აქვთ და ნაკლები დანახარჯებია საჭირო გაწევრია­ნებისთვის.

ბუღალტრული, აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების საერთაშორისო ბაზარზე მსხვილი საერთაშორისო ფირმები დომინირებენ, პირველ რიგში „დიდი ოთხეული“. (გახსოვდეთ, გარკვეული პერიოდის წინ თითოეული მათგანი მცირე და საშუალო ფირმა იყო!) ტრადიციულად, როდესაც კომპანიები ფართოვდებოდნენ და მათი მოთხოვნილებები იცვლებოდა, ისინი ხშირად არ განიხილავდნენ მცირე და საშუალო ფირმების მომსახურებას. მაგრამ უკანასკნელი რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე ყველაფერი შეიცვალა. გამოჩნდა საერთაშორისო ბუღალტრული ასოციაციები და ალიანსები, რომელთა მიზანი იყო მცირე და საშუალო ფირმებისთვის შეექმნათ „გლობალური ფირმა“, რაც მათ საშუალებას მისცემდა, კონკურენცია გაეწიათ საერთაშორისო ფირმებისთვის და თავიანთ დამკვეთებს მაშინაც მომსახურებოდნენ, თუ ისინი ადგილობრივი ბაზრიდან   რეგიონულ ან გლობალურ დონეზე გადავიდოდნენ.

 

წევრობის უპირატესობები

წევრობის უპირატესობებს განეკუთვნება:

 

·               მზარდი დამკვეთების მხარდაჭერა - IFAC-ის ფირმების ტრანსფორმაციის სამოქმედო გეგმაში  მომავლის საგზაო რუკა  ნათქვამია, რომ მცირე და საშუალო ფირმებს ქსელების, ასოციაცი­ებისა და ალიანსების გამოყენება შეუძლიათ მზარდი დამკვეთების მოთხოვნილებების დასაკმაყოფი­ლებლად. წევრობა მცირე და საშუალო ფირმებს აძლევს საქმიანობის მასშტაბს და მოქმედების არეალს, პროდუქციისა და მომსახურების ასორტიმენტს, ასევე მსხვილი საერთშაორისო ფირმებისთვის დამახასიათებელ გეოგრაფიას. წინათ, როდესაც კომპანია ფართოვდებოდა საზღვარგარეთ და ესაჭიროებოდა უფრო ფართო სპექტრის მხარდაჭერა, ის ჩვეულებრივ მიატოვებდა ადგილობრივ მცირე და საშუალო ფირმას და საერთაშორისო ფირმას ირჩევდა თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ახლა ამ ადგილობრივ მცირე და საშუალო ფირმებს თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შეუძლიათ გაერთიანება საერთაშორისო ქსელთან, ასოციაციასთან ან ალიანსთან;

·               ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა/გაზიარება - წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება შესაბამისი ქვეყნისთვის სპეციფიკურ აღრიცხვის, საგადასახადო დაბეგვრის, აუდიტისა და რეგულირების საკითხებში, ასევე დანერგონ მომსახურების ახალი   სახეები თავიანთ ქვეყნებში, უფრო გამოცდილი წევრების მხარდაჭერით;

·               მცირე ფირმის მართვის შესწავლა - წევრებს შეუძლიათ გაეცნონ ფირმების მართვის სფეროში არსებულ მოწინავე გამოცდილებას, კერძოდ, პერსონალის დაქირავებასა და სწავლებასთან, სამართალმემკვიდ­რეობის დაგეგმვასა და ფირმების მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს სხვადასხვა პირობებში, მათ შორის ონლაინ ფორმატში და საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობით;

·               მეთოდოლოგია და ხარისხის მართვა - წევრებს წვდომა აქვთ საუკეთესო პრაქტიკის მეთოდო­ლოგიებთან, ტექნოლოგიებსა და ხარისხის მართვასთან, მაგალითად, აუდიტისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის;

·               რეფერალური მომსახურება - წევრებს შეუძლიათ თავიანთი დამკვეთების გაგზავნა სხვა არაკონ­კურენტულ ფირმებში, რომლებიც სპეციფიკურ ნიშა მომსახურებას სთავაზობენ დამკვეთებს ისე, რომ არ ეშინიათ იმის, რომ დაკარგავენ თავის დამკვეთს იმის გამო, რომ ის მსხვილ ფირმასთან გადავა;

·               პერსონალიზებული ყურადღება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე - როგორც წესი, დამკვეთებს აგზავნიან წევრი ფირმის პარტნიორთან, რომელიც დამკვეთს აძლევს იმის გარანტიას, რომ ის მიიღებს პერსონალიზებულ ყურადღებას;

·               მარკეტინგი და ბრენდირება - წევრ ფირმებს სარგებლის მიღება შეუძლიათ მარკეტინგიდან და ბრენდირებიდან. წევრი ფირმების დამკვეთებს შეუძლიათ სხვა მეწარმეებს მოუყვნენ, რომ ისინი სარგებლობენ გლობალური ფირმის მომსახურებით, ხოლო სიტყვიერ რეკომენდაციებს კი შეუძლია ახალი დამკვეთების მოზიდვა.  

·               ერთობლივი გარიგებები -_ წევრ ფირმებს შეუძლიათ რამდენიმე ფირმასთან ერთად მუშაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმისთვის, რომ მოემსახურონ დამკვეთებს, რომლებიც საქმიანობენ ბევრ იურიდიქციაში და ამგვარად შესთავაზონ მათ აუცილებელი მომსახურების მთელი სპექტრი, რომელიც მოიცავს მათ ყველანაირ საქმიანობას.

·               საერთაშორისო პროექტებში/გარიგებებში მონაწილეობის შესაძლებლობა - წევრ ფირმებს მონაწი­ლე­­ობის მიღება შეუძლიათ ისეთი სამუშაოს ტენდერში, რომელსაც წინათ ისინი ვერ გააკეთებდნენ, რადგან არ ჰქონდათ სხვა ქვეყნებიდან სხვა ფირმების მხარდაჭერა.

·               თანამეგობრობა და მხარდაჭერა - შეხვედრები და კონფერენციები წევრებს საშუალებას აძლევს, ერთობლივი ბიზნესის დაწყებამდე შეხვდნენ სხვა წევრ ფირმებს და კავშირი დაამყარონ მათთან. ეს ფირმას ეხმარება ირწმუნოს, რომ ისინი თავიანთ დამკვეთს აგზავნიან სხვა ფირმაში, რომელიც კარგად იზრუნებს მასზე. გარდა ამისა, წევრ ფირმებს შეუძლიათ სხვა ქვეყნების კოლეგებსაც მიმართონ კითხვებით;

·               გლობალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება - დამკვეთები, რომელთაც საერთაშორისო ოპერაციები აქვთ, ან ესწრაფიან, რომ ჰქონდეთ, ხშირად არ ქირაობენ ისეთ ფირმას, თუ ის არ მიეკუთვნება საერთშაორისო ქსელს, ასოციაციას ან ალიანსს;

·               ექსკლუზიურობა - ზოგიერთი ქსელი, ასოციაცია ან ალიანსი წევრობის ექსკლუზიურობას სთავაზობს მხოლოდ ერთ ფირმას გარკვეულ რეგიონში. ეს წევრი ფირმა აკონტროლებს გარკვეულ ბაზარს და მხოლოდ მისი თანხმობით მიიღებენ სხვა ფირმას ამავე სფეროში.

·               ონლაინ მომსახურება - ისეთი ტექნოლოგიების წყალობით, როგორიცაა ტელეკომფერენციები და ღრუბელი, საბუღალტრო ფირმებს შეუძლიათ მთელი რიგი მაღალხარისხიანი პროფესიული მომსახურების შესრულება რეალური დროის რეჟიმში, დისტანციურად, პირადი შეხვედრების გარეშე. ქსელის, ასოციაციის ან ალიანსის წევრობას შეუძლია ამ პროცესის დაჩქარება.

 როგორც ჩანს, ზემოაღნიშნული უპირატესობები უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. გლობალიზაცია, რომელიც გამყარებულია ახალი ტექნოლოგიებით, გარდაუვალი ტენდენციაა. მცირე და საშუალო საწარმოები, ყველაზე მცირე საწარმოების ჩათვლით, უფრო და უფრო ხშირად ახორციელებენ ოპერაციებს და საქმიანობას თავიანთი ქვეყნების ფარგლებს გარეთ. ამგვარ მცირე და საშუალო საწარმოებს მხარდაჭერისთვის სჭირდებათ, წვდომა საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილებაზე და ისინი ხშირად ეძებენ „სუპერმარკეტის“ კომფორტს, რაც შეიძლება ბევრი სახის პროფესიულ მომსახურებას იღებენ ერთი საბუღალტრო ფირმისგან.

 

წევრობის ნაკლოვანებები

წევრობას უპირატესობების გარდა რამოდენიმე ნაკლოვანებაც ახასიათებს, მათ შორის:

·               დანახარჯები - წლიური საწევროები, დამკვეთების გადაცემის საკომისიოები, კონფერენციებში მონაწილეობის მოსაკრებლები და ა.შ.; მცირე და საშუალო ფირმებს აუცილებლად დასჭირდებათ დანახარჯებისა და სარგებლიანობის გულმოდგინე ანალიზის ჩატარება, რათა განსაზღვრონ, გაწევრიანების შედეგად მიიღბენ თუ არა დახარჯული ფულის ეფექტურობას;

·               წესები და მეთოდოლოგია - წევრობას ხშირად ახლავს გარკვეული წესები და მოთხოვნა იმის, რომ წევრებმა უნდა გამოიყენონ გარკვეული მეთოდოლოგია, მაგალითად, აუდიტისა და ხარისხის მართვისთვის, რასაც, სავარაუდოდ, გარკვეული ინვესტიცია დასჭირდება;

·               სახელწოდება - წევრებს შესაძლოა მოუწიოთ გარკვეული სახელწოდების ან ბრენდის მიღება, რომელიც შეიძლება კარგად არ მუშაობდეს ადგილობრივ ბაზარზე;

·               შეზღუდვები - წევრებს შეიძლება არ სურდეთ დამკვეთების გადაცემა სხვა წევრი ფირმებისთვის;

·               ენა - შესაძლოა აუცილებელი გახდეს ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა.

 

სწორი ქსელის, ასოციაციის ან ალიანსის შერჩევა

 

მცირე და საშუალო ფირმებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ, რომელი სტრუქტურა მიესადაგება მათ: ქსელი, ასოციაცია თუ ალიანსი. შედარებით პატარა ფირმებისთვის, სავარაუდოდ, უკეთესია თავდაპირველად  ალიანსს შეუერთდნენ _ ამას ნაკლები დანახარჯები ესაჭიროება და ნაკლები შეზღუდვები ახასიათებს, შემდეგ კი ზრდის კვალდაკვალ შეუძლიათ განიხილონ ქსელის ან ასოციაციის წევრად გახდომის შესაძლებლობა.

არსებობს ბუღალტრების 50-ზე მეტი საერთაშორისო ქსელი და ასოციაცია. ბევრი მათგანი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ფირმების ფორუმის ან ბუღალტერთა საერთაშორისო ქსელებისა და ასოციაციების ევროპული ჯგუფის წევრია. მათ შორის ყველაზე მსხვილი ფირმების შეფასება/რანჟირება ხდება ყოველწლიურად ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ბიულეტენის მეშვეობით.

ყველა მათგანს არ შეუძლია ერთნაირი მომსახურების შეთავაზება და ერთნაირი უპირატესობების მიცემა მცირე და საშუალო ფირმებისთვის. მცირე და საშუალო ფირმები ფრთხილად უნდა იყვნენ, უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ იპოვეს ის, რაც ყველაზე მეტად მიესადაგება მათ საქმიანობას და მათი დამკვეთების მოთხოვნილებებს/საჭიროებებს. არსებობს ქსელების, ასოციაციებისა და ალიანსების  დიდი მრავალფე­როვნება: ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური,   მსხვილი, საშუალო და მცირე. ყველა ფირმას „რაღაც“ თავისი მიესადაგება. ყველაზე ცნობილი, ძლიერი ბრენდები, როგორც წესი, ყველაზე ძვირად ღირებულია და მათ ყველაზე მკაცრი წესები აქვთ.

წევრობის უპირატესობები და წესები, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, სხვადასხვანაირია ქსელში, ასოციაციასა და ალიანსში. ზოგიერთი მათგანი კარგია შესაძლებლობების გაცვლისთვის/გაზიარებისთვის (მაგალითად, საგადასახადო დაბეგვრის სფეროს ან იურიდიული საკითხების სპეციალისტების წვდომის უზრუნველყოფა); ზოგიერთი კარგია მარკეტინგისა და იმიჯისთვის (მაგალითად, მათ აქვთ აღიარებული ცნობადი ბრენდი);  ზოგიერთი მათგანი წევრებს სთავაზობს ცენტრალიზებულ მეთოდოლოგიას, ტექნიკურ ან ტექნოლოგიურ მხარდაჭერას (მაგალითად, წვდომას საფირმო პროგრამებსა და ინსტრუმენტებთან); ზოგიერთ საერთაშორისო ქსელსა და ასოციაციას აქვს ეროვნული სტრუქტურებიც, რომელთანაც შეიძლება გაერთიანება; ზოგიერთი მათგანი შეიძლება საკმაოდ ინოვაციური იყოს იმისთვის, რომ კვალდაკვალ მიჰყვეს ბაზრის, მათ შორის გლობალური და რეგიონული ბაზრების ტენდენციებს და მომსახურების ახალი სახეები შესთავაზონ არსებულ ან ახალ დამკვეთებს და იმავდროულად ადგილობრივი წევრი ფირმები უზრუნველყონ ცოდნის გაზიარების კარგი პლატფორმით. 

 სწორი არჩევანი დამოკიდებულია ფირმის უნიკალურ გარემოებებზე, მახასიათებლებსა და  სტრატეგიაზე. თუ ფირმის საქმიანობა მიმართული არ არის ბაზრის რომელიმე ნიშის მომსახურებაზე, მაშინ, სავარაუდოდ, მისი დამკვეთებისა და პერსონალისთვის ზომას და საერთაშორისო პერსპექტივას  განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. რაც უფრო მკაცრია წევრობის მოთხოვნები, მით უფრო გულმოდგინედ უნდა გაანალიზოს ფირმამ რისკები და შესაძლებლობები, უპირატესობები და ნაკლოვანებები.

აუცილებელია დაფიქრება: რა მოხდება მაშინ, თუ ფირმა გადაწყვეტს, დარჩეს ისეთივე, როგორიც არის, მაშინ როცა მისი დამკვეთები და კონკურენტები იცვლებიან უკეთესობისკენ?

დამატებითი რეკომენდაციების გასაცნობად შეგიძლიათ მიმართოთ ქვემოთ მითითებულ რესურსებს ინგლისურ ენაზე.    

რესურსები 

·         IFAC Practice Management resources including:

·         IFAC Forum of Firms is an independent association of international networks of firms that perform transnational audits - see list of members here.

 

 

სტატიის ავტორები:

პოლ ტომპსონი, იური დოლიძე

 

პოლ ტომპსონი

ბუღალტრებისა და აუდიტორების ევროპის ფედერაციის მცირე და საშუალო საწარმოთა მიმართულების ტექნიკური დირექტორი, ასევე მსოფლიო ბანკის კონსულტანტი.

 

როგორც მსოფლიო ბანკის კონსულტანტი მუშაობს სვადასხვა ინიციატივაზე,  რომელთა მიზანია კორპორაციული ანგარიშგებისა და ბუღალტრის პროფესიის პოტენციალის გაუმჯობესება სამხრეთ კავკასიაში. გარდა ამისა, იგი კონსულტაციებს უწევს განვითარებად ბუღალტერთა პროფესიულ ორგანიზაციებს აზიაში. პოლ ტომპსონი არის მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს BARTA-ს ჟიური თავმჯდომარე.

მრავალი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ჟურნალებსა და პროფესიულ პრესაში  ეთიკურ ფინანსებთან, კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებასთან, კორპორაციულ მართვასთან, ინტეგრირებულ ანგარიშგებასთან, მცირე ფირმების მართვასა და პროფესიის  მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

იური დოლიძე

 

საქართველოს  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის საბჭოს წევრი და ასევე ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის კონსულტანტი საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში ბუღალტრული აღრიცხვისა და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების მიმართულებით.

 

იური დოლიძემ  საქართველოში დააფუძნა და ხელმძღვანელობდა ორ ადგილობრივ  წამყვან მცირე და საშუალო ფირმას,  ადგილობრივ კონტრაქტორად მუშაობდა „Deloitte“ და Ernst & Young“-თან; მისი ინიციატივით გაიხსნა საქართველოში PwC-ის ფილიალი 2005 წელს,  მას 9 წლის განმავლობაში ეკავა მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების დირექტორისა და აკადემიის ხელმძღვანელის თანამდებობა. გარდა ამისა, იგი ICAEW -ის (ინგლისისა და უელსის ნაფიც ბუღალტერთა ინსტიტუტის) კონსულტანტის რანგში მონაწილეობდა  აზიის განვითარების ბანკის პროექტში „აუდიტის ხარისხის ტექნიკური მხარდაჭერა  სომხეთში.“

იური დოლიძეს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პროფესიული თანამეგობრობის განვითარებაში საქართველოში. ის იყო IFAC-oს წევრი  ორგანიზაციის „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი გამგეობისა და სხვადასხვა კომიტეტის წევრი 15 წლის განმავლობაში.

 

2016 წელს საქართველოს პრემიერ მინისტრმა იური დოლიძე დანიშნა საქართველოს  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ დღემდე არის ამ სამსახურთან არსებული საბჭოს წევრი.

 

როგორც მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის კონსულტანტი, იური დოლიძე კონსულტანტის რანგში ისევ  მონაწილეობს  საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმის მხარდაჭერაში. ამასთან, ახლახან მისი კონსულტანტის მანდატს დაემატა მდგრადობის ანგარიშგებისა და მასთან დაკავშირებული აუდიტის საკითხები.


bottom of page