საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მცირე და საშუალო პრაქტიკის ფირმები ტექნოლოგიებს ითვისებენ


მცირე და საშუალო პრაქტიკის ფირმები ტექნოლოგიებს ითვისებენ

კლაივ უები | 6 აგვისტო, 2020

ბევრ ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. დინამიურ სამყაროში, რომელშიც  ცხოვრება გვიწევს, ამ სექტორის საჭიროებებს, ბიზნესის დაგეგმვის და ეკონომიკის ზრდის მხარდაჭერის თვალსაზრისით, სულ უფრო მეტად აკმაყოფილებენ  ბუღალტრული აღრიცხვის დიგიტალიზებული მცირე და საშუალო პრაქტიკოსები  - SMP საზოგადოება. ამ უკანასკნელის როლი საკონსულტაციო ფუნქციად  ყალიბდება, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის და მონაცემების სარგებელს აქტიურად იყენებს. აღნიშნული უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს როგორც პრაქტიკის წარმომადგენლების, ისე მათი კლიენტებისთვის.

ამ საზოგადოებაზე ფოკუსირებული, ღრუბელზე დამყარებული მოწინავე გადაწყვეტები უდიდეს შესაძლებლობებს  ქმნის მცირე პრაქტიკოსებისთვის, რომ მათ თავიანთ კლიენტებს  ფასეული მომსახურება მიაწოდონ და დააკმაყოფილონ მათი საჭიროებები.  როგორიც კლიენტი ისე პრაქტიკოსი იზიარებს ერთსა და იმავე მონაცემებს რეალურ დროში.

მცირე პრაქტიკოსმა, რომელიც დიგიტალიზაციას ირჩევს, პირველ ნაბიჯად უნდა განიხილოს  სამიზნე ბაზარი, რომელზეც მას სურს ფოკუსირება. დიგიტალიზაცია მას აძლევს სხვადასხვა ფორმით საქმიანობის დიფერენცირების საშუალებას. გეოგრაფიული შეზღუდვები აღარ არსებობს და მათ უფრო მეტად შეუძლიათ დარგობრივ ან სპეციფიკურ საკითხებში სპეციალიზაცია. SMP საზოგადოების მზარდი ინტერნაციონალიზაცია შესაძლებლობებს ქმნის კლიენტების სხვადასხვა ფორმით მომსახურებისთვის, უზრუნველყოფს თანამშრომლობას SMP ფირმებს შორის არაოფიციალურად, ან ქსელის ან კავშირის ფარგლებში. თუმცა, ეს არის გარდაქმნა და ევოლუცია.

დიგიტალიზებული SMP ფირმის ცენტრალური ნაწილია აპლიკაციების ფართო სპექტრი, რომელსაც ის ირჩევს. ღრუბელზე დაფუძნებული გადაწყვეტები აპლიკაციების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომლებთან ინტეგრაციითაც  იქმნება ახალი პლატფორმა, რომელიც სცდება ტრადიციული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ფარგლებს და მოიცავს მომხმარებელთან ურთიერთობას და უფრო ფართო გადაწყვეტებს, რაც ერთ დროს მსხვილი საწარმოს მოქმედების სფერო იყო. მეტად მნიშვნელოვანია საკუთარი აპლიკაციების ნაკრების შექმნა, რომელშიც თქვენს ფირმას ექნება გამოცდილება. თქვენ ვერ შეძლებთ ყველა არსებული აპლიკაციის დაუფლებას და ვერც კლიენტის მხარდაჭერას მათ ათვისებაში.

რამდენადაც SMP ფირმები ცდილობენ სპეციალიზაციას გარკვეული მიმართულებებით, ისინი ხელახლა აფასებენ კლიენტთა ბაზას, რომელსაც ემსახურებიან. შეიძლება წარმოიქმნას ახალი შესაძლებლობები და ძველი ურთიერთობები განვითარდეს. ასეთი განვითარება გავლენას ახდენს თვითონ SMP -ის ბიზნესმოდელზე. ფირმებს ახლა შეუძლიათ შრეებრივი ფასწარმოქმნის მოდელების და სერვისების ნაკრების შეთავაზება, რომლებიც კანონშესაბამისობის მიღწევაში დახმარებიდან, ფინანსური დირექტორისთვის ვირტუალური კონსულტაციის მიწოდებამდე ცვალებადობს; თითოეულ სერვისს თავისი განსხვავებული ფასი და სტრუქტურა აქვს. ტრადიციული სამუშაო ციკლი წლის განმავლობაში და საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის სავადო თარიღები ჩანაცვლებულია უწყვეტი მონაცემების დაფიქსირებით და პრობლემებზე მათი წარმოქმნისთანავე პროაქტიური რეაგირების უნარით. დიგიტალიზაცია ნაწილობრივ ინიცირებულია სათანადო მარეგულირებელი ცვლილებების გამოც, როგორიცაა მაგალითად ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება.

მნიშვნელოვანია სათანადო უნარების არსებობა პრაქტიკის მხარდასაჭერად. უნარების სპექტრი, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს დიგიტალიზებულ SMP  ფირმაში კიდევ გაიზრდება. ყველაზე მთავარია ემოციური ინტელექტი კლიენტებთან მუშაობისას და მათი პრობლემების გარკვევის უნარი; პრაქტიკული გადაწყვეტების მიწოდება რეალურ პრობლემებთან დაკავშირებით. ბევრი მცირე პრაქტიკოსისთვის ეს შესაძლებელს ხდის გაცილებით მოქნილი სამუშაო მექანიზმების შექმნას, რომ ნიჭს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს.

შესაძლოა ამ  განვითარებიდან გამოტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა იყოს კლიენტთან ურთიერთობის განახლების და გაძლიერების საჭიროება, კლიენტის დახმარების სურვილი წარმატების მისაღწევად  და მცირე და საშუალო ბიზნესის ჭეშმარიტად სანდო მრჩევლად ფორმირება.

იხილეთ თანდართული ფაილები:  Alex Falcon HuertaNigel Adams and Nikki Adams

 

 
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge