საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







საქმიანობის ანგარიში


 

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის 2019 წლის საქმიანობის  ანგარიში

 

ორგანიზაციული მიმოხილვა

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) არის წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული  (არასამთავრობო, არაკომერციული) ორგანიზაცია. შეიქმნა 1998 წლის 5 მაისს, საქართველოს ბუღალტერთა კლუბისა და ბუღალტერთა ასოციაციის გაერთიანების შედეგად. ბაფი არის საქართველოს ბუღალტერთა კლუბის (დაფუძნდა 1996 წელს) სამართალმემკვიდრე.

ბაფის  მისია: საინვესტიციო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებით;

საქმიანობის მიზანი: წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა და შენაჩუნება, საზოგადოებისათვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;   ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ფინანსური ანგარიშგების სანდოობისა და ხარისხის უზრუნველყოფით.

ბაფის წევრები არიან ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს წარმომადგენელი ფიზიკური და იურიდიული პირები.  2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ბაფის წევრია 7259 ფიზიკური პირი და 55 აუდიტორული კომპანია, რომლებსაც  საქართველოში აუდიტორული საქმიანობის ბაზრის 90 პროცენტზე მეტი უჭირავთ. საქმიანობისა და წევრობის არეალი მოიცავს საქართველოს რეგიონებსა და რაიონებს.

ძირითადი საქმიანობა: ფიზიკური პირი წევრების პროფესიული გადამზადება, სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება; დისციპლინარული მოკვლევა და მონიტორინგი წევრების მიერ პროფესიული ეთიკის დაცვაზე.

კორპორაციული წევრების (აუდიტური კომპანიები) მომსახურების ხარისხის განვითარების მხარდაჭერა; მომსახურების ხარისხის მონიტორინგისათვის წევრი კომპანიებისათვის წინასწარი დიაგნოსტიკური ანგარიშების მომზადება.

წევრების საკონსულტაციო მომსახურება; პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების სახელმძღვანელო და დამხმარე ლიტერატურით წევრების უზრუნველყოფა;   პროფესიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ლობირება; ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციასთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

შვილობილი კომპანიები: შპს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი და შპს „ჟურნალი ბუღალტრული აღრიცხვა“.

ორგანიზაციული სტრუქტურა

საერთო კრება–გამგეობა–კომიტეტები - აღმასრულებელი დირექცია–ფილიალები.

გამგეობა შედგება 12 წევრისაგან.  სათავო და რეგიონალური ოფისების საქმიანობის მართვას ემსახურება 39 თანამშრომელი. საქმიანობის მართვა ხორციელდება გამგეობის, აღმასრულებელი დირექტორისა და შესაბამისი კომიტეტების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შიდა პოლიტიკის, სისტემებისა და მენეჯერული პროცედურების საფუძველზე.

 ფილიალები: აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი,  იმერეთი, ქართლი, კახეთი, ფოთი, რუსთავ.

კომიტეტები: განათლების კომიტეტი, სტანდარტების კომიტეტი, აუდიტის ხარისხის კომიტეტი, საგადასახადო კომიტეტი, საწევრო კომიტეტი, ეთიკისა და დისციპლინარული  კომიტეტი.

 

საანგარიშო პერიოდამდე საქმიანობის რეზუმე

ბაფის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით 1998-2019 წლებში:

  • მიღებულ იქნა საქართველოს კანონები: „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ (1999 წელი) და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ (2012 წელი);
  • დაფუძნდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (სასწავლო ცენტრი) და ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვა“;
  • ჩამოყალიბდა სპეციალისტთა გადამზადებისა და განგრძობითი სწავლების სისტემა და დამკვიდრდა პროფესიული სერტიფიცირება;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნულ სტანდარტებად;
  • პერიოდულად ითარგმნებოდა და გამოიცემოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. მზადდებოდა და გამოიცემოდა მათი პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭირო ლიტერატურა;
  • დაფუძნდა ბუღალტერთა და აუდიტორთა რეგიონალური ფედერაცია „ევრაზია“;
  • ჩატარდა 12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
  • მომზადდა და ნორმატიული აქტების სახით გამოიცა მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტები (2004 წელი) და არაკომერციული იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი (2006 წელი);
  • ითარგმნა და გამოიცა: მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (2014 წელი); მომსახურების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი და მისი გამოყენების სახელმძღვანელოები (2014-16 წელი);
  • პერიოდულად გამოიცემოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადდა 30000-ზე მეტი ბუღალტერი;
  • მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობდა 2500-მდე პირი;
  • პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსი მოიპოვა 713 პირმა;
  • მიმდინარე ეტაპზე, პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობს სერტიფიცირების 11220 კანდიდატი.

აღიარება და რეპუტაცია. ბაფი 1999 წლიდან აღიარებულია აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციად და მონაწილეობს პროფესიის რეგულირებაში, კანონმდებლობის შესაბამისად.

1998 წლიდან თანამშრომლობს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსთან  ფასს-ების ქართულ ენაზე თარგმნის სფეროში.

2000 წლიდან  არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი.

2003 წლიდან, ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) საერთაშორისო პროგრამის ადაპტირებული ქართული პროგრამის საფუძველზე, ახორციელებს პროფესიულ სერტიფიცირებას.

2006 წლიდან ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა აკრედიტებულია ACCA -ის მიერ.

2012-2016 წლებში მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენდა პროფესიის მარეგულირებელ ორგანიზაციას და ახორციელებდა აუდიტური კომპანიების პროფესიული მომსახურების ხარისხის კონტროლის მონიტორინგს.

2016 წლიდან ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობით, მონაწილეობს პროფესიის რეგულირებაში და  არის საქართველოში ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების განმახორციელებელი ერთადერთი საგამოცდო ცენტრი.

მიმდინარე ეტაპზე, ბაფი აქტიურად თანამშრომლობს ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროსთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAC); ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია (ACCA); აზიის განვითარების ბანკი; ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტმა (ICAEW);  მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრი (CFRR). აგრეთვე, საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, აკადემიურ სექტორთან.  

ბაფის სტაბილურობის,  აღიარებისა და იმიჯის წყაროა მისი წევრების სიმრავლე, პროფესიონალიზმი, კოლეგიალური დამოკიდებულება, პროფესიული ღირსება და ეთიკური ქცევა. ბაფის წარმატებებში მნიშვნელოვანია მისი პარტნიორების წვლილი.

 

საანგარიშო პერიოდის (2019 წელი) საქმიანობა

  1. წევრთა საერთო კრება

 

2019 წლის 25 მაისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საქართველოს პროფესიონალ  ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 184 დელეგატი. კრების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საანგარიშგებო პერიოდში გარდაცვლილი ბაფის ნამდვილი წევრის, წლების მანძილზე საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის მდივნის, ოთარ ხარჩილავას ხსოვნას.

ბაფის საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შესახებ, ანგარიში წარმოადგინა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა

კრე­­­­ბის მონაწილეებს გაწეული საქმიანობის შესახებ ან­­­­­­­გა­­­­რი­­­­შე­­­­ბი გა­­­აც­­­­­­­ნეს კო­­­­მი­­­­ტე­­­­ტე­­­­ბის თავ­­­­­­­მ­­­­­­­ჯ­­­­­­­დო­­­­მა­­­­რე­­­ებ­­­­­­­მა: განათლების კო­­მი­­ტე­­ტის თავ­­­მ­­­ჯ­­­დო­­მა­­რემ კონსტანტინე დათიაშვილმა, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარემ მი­­ხე­­ილ აბა­­ი­­ა­­ძემ, საგადასახადო დაბეგვრის  კო­­მი­­ტე­­ტის თავ­­­მ­­­ჯ­­­დო­­მა­­რემ, დავით პაპიაშვილმა.

 

სარევიზიო კომისიამ  (ხათუნა ბარბაქაძე) საერთო კრებას წარუდგინა ბაფის გამგეობის, კომიტეტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის  შემოწმების შედეგები

წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ კრების მონაწილეებმა  გამოთქვეს მოსაზრებები და გამართეს დისკუსია. კერძოდ, მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვები დასვეს დელეგატებმა:  გიორგი ცერცვაძემ, მარინა გეთიამ, გიორგი ასლამაზიშვილმა, თამარ ედიშერაშვილმა. დასმულ კითხვებზე პასუხები გასცეს გამგეობის თავმჯდომარემ რუსუდან ჟორჟოლიანმა, კომიტეტების თავმჯდომარეებმა კონსტანტინე დათიაშვილმა, მიხეილ აბაიაძემ, დავით პაპიაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლავრენტი ჭუმბურიძემ.

საერთო კრებამ კენჭი უყარა და დადებითად შეაფასა საანგარიშგებო პერიოდში ბაფის გამგეობისა და მთლიანად ბაფის საქმიანობა (მომხრე - 182, წინააღმდეგი - 0, თავი შეიკავა - 2).

ბაფში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, საერთო კრებამ გაწეული ღვაწლისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და საჩუქრები გადასცა:

ანიკო აბულაძეს

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაარსებიდან აქტიური წევრობის, მისი საქმიანობის პოპულარიზაციისა და პროფესიის პრაქტიკულ განვითარებაში   შეტანილი წვლილისათვის.

ბაკურ გვეტაძეს

წლების მანძილზე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის   იმერეთის  რეგიონალური ფილიალის  ხელმძღვანელობისათვის;

ნუგზარ ლამანძიას

წლების მანძილზე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის  ფოთის ფილიალის ხელმძღვანელობისა და  ბუღალტერთა გადამზადებაში შეტანილი წვლილისათვის;

პავლე ქვარცხავას

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის   ფილიალის ხელმძღვანელობისა და  ბუღალტერთა გადამზადებაში   შეტანილი წვლილისათვის;

 

  1. გამგეობის საქმიანობა

საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია გამგეობის 8 სხდომა. სხდომებზე განხილული თემებიდან გამოვყოფთ:  ბაფის  2018 წლის საქმიანობის შედეგების განხილვა და 2019 წლის საქმიანობის დაგეგმვა; 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცება; პროფესიული სერტიფიცირების პროგრამისა და სახელმძღვანელო ლიტერატურის განახლება; სავალდებულო განგრძობითი განათლების პროგრამის თემატიკა და სემინარების მაღალ დონეზე უზრუნველყოფა; „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან“  (შემდეგში „ზედამხედველობის სამსახური“)  პროფესიული სერტიფიცირების, განგრძობითი განათლების   პროგრამებსა  და სხვა საკანონმდებლო-ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტებზე მსჯელობა და გამგეობის პოზიციის შეთანხმება.  

 

  1. კომიტეტების საქმიანობა

3.1. განათლების კომიტეტი

2019 წლიდან, ბაფის განათლების კომიტეტი გათავისუფლდა აღმასრულებელი ფუნქციის შესრულებისაგან. იგი გახდა სასერტიფიკაციო პროგრამის და განგრძობითი განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი, სათანადო რეგულაციების შემქმნელი და მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, კომიტეტთან ფუნქციონირებს  მუდმივმოქმედი საგამოცდო კომისია 5 პირის შემადგენლობით, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. კომისის ფუნქციები განსაზღვრულია დებულებით. კომისია ანგარიშვალდებულია განათლების კომიტეტის წინაშე.

ბაფის განათლების კომიტეტთან, აგრეთვე,  ფუნქციონირებს სტრუქტურული რგოლები:

ა) განგრძობითი განათლების სამეთვალყურეო საბჭო;

ბ)  სასერტიფიკაციო გამოცდების სამეთვალყურეო საბჭო;

გ) სასერტიფიკაციო პროგრამის სამეთვალყურეო საბჭო.

პროფესიული სერტიფიცირების სტატისტიკა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში სულ რეგისტრირებული იყო სერტიფიცირების 11220 კანდიდატი. მათ შორის, საანგარიშო წელს პროგრამაში ჩაერთო 662 კანდიდატი. გამოცდების შედეგების მიხედვით: პირველი ეტაპის  სერტიფიკატი მიიღო - 358 კანდიდატი; მეორე დონის - 37 კანდიდატი;  მესამე დონის სერტიფიკატი მიიღო და პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსი მიენიჭა 12 კანდიდატს.

 

ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის განვითარების  სამუშაოები

 

  • ტესტების შემუშავების პროცესების განვითარება

პროფესიული სერტიფიცირების საგამოცდო ტესტების ავტორებისა და საგამოცდო ნამუშევრების შემფასებელთა ნაკლებობის გამო, ბაფმა გამოაცხადა ტრენინგში მონაწილეობის მსურველ პირთა კონკურსი, პროფესიული ორგანიზაციებიდან და აკადემიური სექტორიდან შეარჩია 30 პოტენციური ავტორი.

2019 წლის იანვარში კონტრაქტი გააფორმა ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ცენტრთან  (PMC), საგამოცდო მასალის შედგენის, რეცენზირებისა და შეფასების მეთოდოლოგიაში ტრენინგის ჩასატარებლად.

2019 თებერვალ-მარტში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მოიცავდა შემდეგ ძირითად საკითხებს:

ა)   ინტერაქტიურ ტრენინგს ტესტის თეორიაში;

ბ)   საკითხავი მასალისა და ნიმუშების მომზადებას ტესტის თეორიაში;

გ)   ტრენინგის მონაწილეთა სერტიფიცირებას;

დ)  ცენტრის თანამშრომელთა უკუკავშირს დავალებათა ბანკის შექმნაზე დაწყებული  სამუშაოების  ვალიდობის შეფასებასა და ექსპერტიზის ჩატარებაში.

 

  • საგამოცდო პროცესებზე სახელმძღვანელო ინსტრუქციებისა და წესების განახლება

ა) განახლდა საგამოცდო ტესტების ავტორებისათის განკუთვნილი მითითებები;

ბ) შეიქმნა კომპეტენციაზე დაფუძნებული საგამოცდო კითხვების მოსამზადებელი ინსტრუქცია;

გ) მომზადდა ტესტების შემუშავების სამუშაო პროცესის ახალი ინსტრუქცია;

გ) ავტორების რიცხოვნობის გაზრდის შედეგად მოსალოდნელი რისკის დაზღვევის მიზნით,  დადგინდა საგამოცდო  კითხვებისა და ტესტების გაუთქმელობის და შენახვის ახალი წესები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზარდა საგამოცდო ტესტების ავტორების, მიმომხილველებისა და შემფასებლების რიცხოვნობა. 2019 წლის ივლისის გამოცდებზე ყოველ მოდულში მონაწილეობდა კითხვების ავტორის, ამავე კითხვების მიმომხილველისა და შემფასებლის გუნდი.

 

  • საგამოცდო ცენტრის ტექნიკური სრულყოფა

საანგარიშო პერიოდში, გამოცდებზე ზედამხედველობის განსახორციელებლად და პოტენციური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად:  საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა  ვიდეო კამერები;  შემუშავებულია აღჭურვილობის გამოყენების წესები; მთავარი ზედამხედველის მოვალეობებში შეტანილია შესაბამისი ცვლილები.

 

  • სერტიფიცირების პროგრამის განვითარება

პროგრამის შინაარსისა და საგამოცდო ტესტების პერიოდული ცვლილების აუცილებლობის დადგენის მიზნით: მომზადდა შესაბამისი კითხვარი,  სერტიფიცირებული ბუღალტრის დამსაქმებელთა მოთხოვნების შესასწავლად; ჩატარდა აუდიტური ფირმებისა და სხვა დამსაქმებლების გამოკითხვა; განახლდა პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოდულის სილაბუსები და სახელმძღვანელო მასალა 2019 წლების მდგომარეობით.

 

  • წავლების განვითარება

სასწავლო პროცესზე დაკვირვების მიზნით, 2019 წლის იანვრიდან მიმდინარეობს: სასწავლო პროცესის მონიტორინგი; კანდიდატების გამოკითხვა; მრგვალი მაგიდის გამართვა პბი-ს ლექტორებთან/მასწავლებლებთან.

 

 სავალდებულო განგრძობითი განათლება

ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ბაფის 2019 წლის განგრძობითი განათლების პროგრამის პროექტი მომზადდა პროფესიული ორგანიზაციებისა და მსხვილი აუდიტორული კომპანიების წარმომადგენელთა ერთობლივი თანამშრომლობით, რომელიც განიხილა და საბოლოო სახით დაამტკიცა ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS-CPD-007/19). პროგრამის სილაბუსებით გათვალისწინებული სასწავლო მასალები მოამზადა და  სემინარები ჩაატარა  შპს „იუაი საქართველომ“  .  განგრძობითი სწავლების სემინარები ჩატარდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. სემინარის მონაწილეთა გამოკითხვის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ  პროგრამის თემატიკა და ჩატარებული სემინარები დადებითადაა შეფასებული.

განგრძობითი სწავლების შედეგების სტატისტიკა.

საანგარიშო წელს ბაფის ნამდვილ წევრთა (სერტიფი­ცირებული პირები) რეესტრის შესაბამისად,  განგრძობითი განათლების მოთხოვნების შესრულების ვალდებულება ჰქონდა 704 პირს (712 წევრიდან). აქედან, უდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული იყო 323, საიდანაც 2019 წლის განგრძობითი განათლების ვალდებულების შესრულება დაადასტურა  320 პირმა, მათ შორის:

ბაფის  განგრძობითი სწავლების სემინარი გაიარა - 274;

აუდიტური კომპანიების  განგრძობითი სწავლება ჩაეთვალა  - 29;

სხვა პროფესიული ორგანიზაციის განგრძობითი სწავლების სემინარი გაიარა - 6;

სხვა, სტანდარტით გათვალისწინებული, ჩათვლა - 1;

საანგარიშო პერიოდში განგრძობითი სწავლება არ მოეთხოვებოდა - 8;

განგრძობითი სწავლება გადაუვადდა  - 2.

სავალდებულო განგრძობითი განათლების ვალდებულების შესრულების  საკითხში განსხვავებული (არასწორი) დამოკიდებულება აქვთ აუდიტორთა  რეესტრში არარეგისტრირებულ სერტიფიცირებულ წევრებს. ამ სტატუსის მქონე 381 წევრიდან, საანგარიშო წელს, სავალდებულო სწავლების მოთხოვნა ვერ შეასრულა 131 პირმა (34%)  ანალოგიური ვითარება იყო  გასულ საანგარიშო პერიოდშიც.

განათლების კომიტეტი თავის ვალდებულებად მიიჩნევს თხოვნით მიმართოს (შეახსენოს) ბაფის წევრებს, რომ სამი საანგარიშო წლის განმავლობაში სავალდებულო განგრძობითი სწავლების სტანდარტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს სერტიფიცირებული პირის სტატუსის შეჩერებას (სერტიფიცირებულ პირთა რეესტრიდან ამოღებას). გვინდა განვმარტოთ, რომ სერტიფიცირებული პირის სტატუსის შენარჩუნება მნიშვნელოვნია  იმ ვითარებაში, როდესაც 2016 წლიდან მოქმედი კანონმდებლობით, ამ სტატუსის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის პროგრამის (ACCA) გამოცდების ჩაბარებით და აქტიურად ვითარდება მოსაზრება, რომ გარკვეული კატეგორიის საწარმოების ფინანსურ ანგარიშგებაზე სავალდებულო გახდება სერტიფიცირებული პირის ხელმოწერა.  

განათლების კომიტეტი იზიარებს მოსაზრებას, რომ განგრძობითის პროგრამაში სერტიფიცირებული ბუღალტრების მონაწილეობის უარყოფითი ტენდენცია, გარკვეულწილად, გამოწვეულია აუდიტორებისა და ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრებისათვის დადგენილი ერთიანი სასწავლო პროგრამით. ბიზნესში დასაქმებულ სერტიფიცირებულ პირებს, რომლებსაც გაცხადებული აქვთ, რომ არ აპირებენ აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციას, აუდიტის თემატიკის მოსმენის ვალდებულება არ უნდა ჰქონდეთ. აღნიშნულ საკითხზე, არსებობს წინასწარი შეთანხმება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან და იმედს გამოვთქვამთ,  განგრძობითი განათლების სტანდარტში შევა შესაბამისი ცვლილებები, რაც  შესაძლებელს გახდის განსხვავებული  პროგრამები გვქონდეს აუდიტორებისათვის და ბიზნესში დასაქმებული იმ წევრებისათვის, რომლებიც აუდიტორად რეგისტრაციას არ აპირებენ.

მთავარ ბუღალტრთა გადამზადება. 

ბაფი, ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრების გადამზადებას, მთავარი ბუღალტრის სასერტიფიციკაციო პროგრამით, ახორციელებს 2008 წლიდან. მთავარი ბუღალტრის გადასამზადებელი პროგრამა  ეფუძნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის  (IFAC) განათლების სტანდარტებს და საგანმანათლებლო რეკომენდაციებს. მისი მიზანია დასაქმებული ბუღალტრების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული დახელოვნება. მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების პროგრამით გადამზადებული  2500-მდე  (მ.შ. 2019 წელს 40)    პირი.  საანგარიშო წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პროგრამის დროებით შეჩერების შესახებ, რაც გამოწვეულია პროგრამის სახელმძღვანელო ლიტერატურის განახლების აუცილებლობით. როგორც მოგეხსენებათ, 2018-2019 წლებში მიმდინარეობდა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის (ACCA) სახელმძღვანელო ლიტერატურის განახლება და  ორივე პროგრამის სასწავლო მასალის ერთდოულად განახლება ვერ მოხერხდა.

 

3.2. საწევრო კომიტეტი

პროფესიაში მიმდინარე რეფორმებმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა აუდიტორები და ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრები. საკანონმდებლო სიახლეების პრაქტიკაში დანერგვის პრობლემა ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის განსაკუთრებით რეგიონებში.  მიწოდებისა და წევრებისათვის აქტუალურ საკითხებზე პასუხების გაცემის მიზნით, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საწევრო კომიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად დასახული იყო   სამუშაო შეხვედრები რეგიონებში.   ბაფის ფილიალების ხელმძღვანელთა კოორდინაციით, სამუშაო შეხვედრები  შედგა კახეთის რეგიონში ( გურჯაანი); იმერეთის რეგიონი (ქუთაისი); აჭარის  რეგიონი (ბათუმი).

სამუშაო შეხვედრების  ძირითადი თემები იყო:

  • III და IV კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომზადებისა და ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის გაცნობა;  
  • აუდიტორული კომპანიებისათვის აუდიტორული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, ბაფში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
  • ბაფის წევრების მოსაზრებების მოსმენა და გათვალისწინება ორმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით.

ჩატარებულმა ღონისძიებებმა დაგვანახა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს რეგიონებში წევრებთან შეხვედრების პრაქტიკა, რადგან პროფესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წევრებთან უშუალო კომუნიკაცია ხელს შეუწყობს რეგიონებში რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

წევრების სტატისტიკა 2019 წელს:

ფიზიკური პირები. წევრების რეესტრიდან ამოღებულ იქნა - 717 პირი, მათ შორის 686  ასოცირებული და 31 ნამდვილი წევრი. მიღებულ იქნა - 736 ასოცირებული წევრი. ნამდვილი წევრი გახდა  109 სერტიფიცირებული  პირი.

საანგარიშო პერიოდში სერტიფიცირებული წევრების რიცხვის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა პროფესიული ორგანიზაციის - „ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება“ საქმიანობის შეჩერებამ და მათი წევრების (89 პირი) ბაფში გაწევრებამ.

კორპორაციული წევრები. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე რეესტრიდან ამოღებულ იყო  4 უდიტორული კომპანია ხოლო გაწევრიანდა  4 კომპანია.

2019 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით ბაფის წევრი იყო:

ფიზიკური პირი - 7259 აქედან: სერტიფიცირებული ბუღალტერი - 713, მ.შ. აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული -323;   ასოცირებული წევრი - 6546 პირი.

იურიდიული პირი - 55 აუდიტორული კომპანია.

 

3.3. აუდიტის ხარისხის კომიტეტი

 „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (2016 წლის ივნისი) თანახმად, აუდიტორული საქმიანობის რეგულირება და ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმების ფუნქცია სრულად გადავიდა სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებში. კომიტეტის ფუნქციები შემოიფარგლება წევრ კომპანიებში ხარისხის კონტროლის სისტემის წინასწარი მონიტორინგით (დიაგნოსტიკური ანგარიში) და კორპორაციული წევრებისათვის ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებულ საკითხებში (კონსულტაციები,  სემინარები,  აუდიტის პროგრამის შერჩევა, აუდიტის მეთოდოლოგია და სხვ;) მხარდაჭერით. 

კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში 2019 წელს ხარისხის კონტროლის სისტემის წინასწარი მონიტორინგი ჩაუტარდა და „დიაგნოსტიკური ანგარიში“ გაიცა 4 კორპორაციულ წევრზე.

  

3.4. ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი

კომიტეტის ძირითადი სახელმძღვანელო დებულებაა „ბაფის  წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა (IESBA Code) და ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი“.

მიღებული წესით განსაზღვრულია, რომ: კომიტეტი შეისწავლის პროფესიონალი ბუღალტრების მიერ ეთიკის კოდექსისა და ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებს;  გამოვლენილ დარღვევებზე  ახორციელებს დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

საანგარიშო წელს დასრულდა  დისციპლინარული მოკვლევის დაწყებისათვის აუცილებელი  პროცედურების დამტკიცება. დისციპლინარული მოკვლევის პროცედურების დაწყებისათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა სემინარები, ადვოკატთა ასოციაციის შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ.  

საანგარიშო წელს პროფესიონალი ბუღალტრების მიერ ეთიკის კოდექსისა და ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე შემოვიდა 2 ინფორმაცია, რომელთაგან ერთზე დაინიშნა დისციპლინარული მოკვლევა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.  

 

3.5. საგადასახადო დაბეგვრის კომიტეტი

საგადასახადო დაბეგვრის კომიტეტის ფუნქციაა: ბაფის ყოველწლიური განგრძობითი სწავლებისა და სხვა სახის სემინარებში გადასახადებთან დაკავშირებული პროგრამის პროექტების მომზადება; წევრების საკონსულტაციო მომსახურება საგადასახადო დაბეგვრის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკითხებზე; ბაფში წერილობით შემოსულ კითხვებზე კონსულტანტის მიერ მომზადებული პასუხების პროექტის განხილვა და საბოლოო პასუხის მომზადება მისი ჟურნალში გამოქვეყნებამდე (ან კითხვის ავტორთან გაგზავნამდე); საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებში მონაწილეობა სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურებთან, ბაფის სახელით. კომიტეტი, როგორც გასულ წლებში, საანგარიშო პერიოდშიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციებს.

 

3.2. სტანდარტების კომიტეტი

კომიტეტი, დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად,  ჩართული იყო:  ბაფის 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმის ( SMO 7 ნაწილში) შედგენაში; ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებული  ყოველწლიური განგრძობითი სწავლების პროგრამის მოზადებაში, აგრეთვე სხვა სახის სემინარებში სასწავლო პროგრამების შედგენასა და ტრენინგების ჩატარებაში;  უზრუნველყოფდა ბაფში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოსულ კითხვებზე პასუხების მომზადებას.

  

  1. აღმასრულებელი სტრუქტურის საქმიანობა

ბაფის მიმდინარე საქმიანობის მართვას ახორციელებს აღმასრულებელი სტრუქტურა. იგი უზრუნველყოფს ორგანიზაციისა და კომიტეტების საქმიანობას და ასრულებს გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. წარმოადგენს ბაფს მესამე პირებთან ურთიერთობებში სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის მართვის სფეროში, ადგენს ბიუჯეტს და ახორციელებს ფინანსურ და ბიზნეს ფუნქციებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად.   აღმასრულებელი სტრუქტურა, სრულყოფილი მართვისა და ფუნქციების ხარისხიანად განხორციელების მიზნით, ხელმძღვანელობს გამგეობის მიერ დამტკიცებული შიდა ნორმატიული აქტებით.

საქმიანობის შეფასების ძირითად კრიტერიუმებად შეიძლება განვიხილოთ:

  • წევრების მხარდაჭერა - კონსულტაციები, პროფესიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სახელმძღვანელო ლიტერატურით უზრუნველყოფისა და  ტრენინგები გზით;
  • პროფესიის განვითარების მხარდაჭერა - ზედამხედველობის სამსახურთან, დონორ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
  • ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრობის ვალდებულების (SMO) შესრულება
  • ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და ფინანსური სტაბილურობა (ფუნქციონირებადობა).

 

წევრების მხარდაჭერა

 

  • საკონსულტაციო მომსახურეობა

წევრების  საკონსულტაციო მომსახურებაზე ბაფის  სათავო ოფისში დასაქმებულია 3 საშტატო თანამშრომელი. წევრების  საკონსულტაციო მომსახურება ხდება: ბაფში  ვიზიტით - სამუშაო დღეებში 15საათიდან 19 საათამდე;  სატელეფონო ზარებით - სამუშაო დღეებში 10 საათიდან 19 საათამდე;  წერილობით შემოსულ კითხვებზე  პასუხებით, რომელიც წერილობითი ფორმით ეგზავნება კითხვის ავტორებს და ქვეყნდება ბაფის ყოველთვიურ  ჟურნალში „ბუღალტრული აღრიცხვა“.

წევრებთან საკონსულტაციო მომსახურებაში აგრეთვე ჩართულია შესაბამისი კომიტეტები  (აუდიტის კომიტეტი; სტანდარტებისა და პრაქტიკის; საგადასახადო დაბეგვრის; ეთიკისა და დისციპლინარული) სადაც ხდება წერილობით შემოსულ სპეციფიკურ კითხვებზე  კონსულტანტების მიერ მომზადებული პასუხების პროექტების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე.

რეგიონალური წევრების საკონსულტაციო მომსახურეობა აგრეთვე შესაძლებელია ადგილებზეც.

 

  • პროფესიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა

 

სახელმძღვანელო ლიტერატურა

აუდიტორებისა და აუდიტური კომპანიების პროფესიული მომსახურების  ხარისხის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი სახელმძღვანელო ლიტერატურით უზრუნველყოფა. აღმასრულებელი სტრუქტურის ძალისხმევით განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საანგარიშო წელს ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი ლიტერატურა:

 

  • აუდიტის პრაქტიკული სახელმძღვანელო

როგორც მოგეხსენებათ, აუდიტორული ფირმების საერთაშორისო ქსელები იყენებენ ერთ ცენტრალურად შექმნილ აუდიტის სახელმძღვანელოს. მცირე აუდიტორულ ფირმებს ასეთი „ფუფუნება“ არა აქვთ და იძულებულნი არიან შეიმუშაონ ან შეიძინონ საკუთარი აუდიტის სახელმძღვანელო, რაც მათ კონკურენციის არასახარბიელო პირობებს უქმნის.

მცირე აუდიტორული ფირმების დასახმარებლად, ბაფმა თავის საიტზე განათავსა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისი, ქართულ ენაზე თარგმნილი,  აუდიტის სახელმძღვანელო, რომელიც შემოგვთავაზა გაერთიანებული სამეფოს აუდიტორულმა კომპანიამ HAT-მა.  

სახელმძღვანელო  უფასოა და აუდიტორულ ფირმებს შეუძლიათ ჩამოტვირთო ბაფის ვებ-გვერდიდან. სახელმძღვანელოს გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  საქართველოში რეგისტრირებული აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების ხარისხის გაუმჯობესებას.

ბაფი მადლობას მოახსენებს აუდიტორული კომპანიების პარტნიორებს, რომლებმაც თანადაფინანსების სახით შემოწირულობა გაიღეს აუდიტის მეთოდოლოგიის ქართულ ენაზე თარგმნისა და ექსპერტიზის სამუშაოებისათვის. ეს კომპანიებია:   შპს გრანთ თორნთონ; შპს ნექსია თიეი; შპს ბაკაშვილი და კომპანია;  შპს მართვის საკონსულტაციო ჯგუფი; შპს კრესტონ პაპიაშვილი;  შპს ალექსანდრე;  შპს ცოდნისა; შპს მოორ სტივენს ეიბისი;  შპს პრესტიჟ აუდიტი;  შპს არბიტრანსი; შპს ინტელექტ აუდიტი;  შპს ჟორჯიან აუდიტი.

იმისათვის, რომ ეს სახელმძღვანელო ეფექტურად იქნას გამოყენებული, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აუდიტორებისათვის მის გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება

  • ფირმის საქმიანობის დაგეგმვა

სახელმძღვანელო მომზადებულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ.  მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისათვის წარმატების აუცილებელი კომპონენტია, ყველა ფირმას ჰქონდეს საკუთარი სტრატეგია და მისდიოს საკუთარი გეგმის განხორციელებას. ეს არის გზა, რომელსაც მიჰყვებიან დირექტორები და თანამშრომლები, რათა ფირმამ დააკმაყოფილოს თავის მესაკუთრეთა მოთხოვნები. ყოველივე ეს იწყება  სტრატეგიული გეგმის საშუალებით. მასში აღწერილია, თუ რომელი გზით გსურთ თქვენ და თქვენს პარტნიორებს ფირმის განვითარება. კარგი მენეჯმენტი შეუნარჩუნებს თქვენს ფირმას კომერციულ სიცოცხლისუნარიანობას და პროფესიულ კომპეტენციას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება თქვენმა ბიზნესმა დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები, ასევე თქვენი თანამშრომლების, კლიენტებისა და დაინტერესებული პირების მოთხოვნები.

მცირე და საშუალო ზომის კომპანიების კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სახელმძღვანელო მომზადდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ.  კარგი მენეჯმენტი შეუნარჩუნებს თქვენს ფირმას კომერციულ სიცოცხლისუნარიანობას და პროფესიულ კომპეტენციას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება თქვენმა ბიზნესმა დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები, ასევე თქვენი თანამშრომლების, კლიენტებისა და დაინტერესებული პირების მოთხოვნები.

Ø    კომპილაციური გარიგების სახელმძღვანელო

პრაქტიკოს-ბუღალტერს შეუძლია გამოიყენოს ეს სახელმძღვანელო, რათა გაეცნოს კომპილაციურ გარიგებას, ანდა გააღრმავოს თავისი ადრე მიღებული კომპილაციური გარიგების შესახებ. სახელმძღვანელო მოიცავს განმარტებებს და საილუსტრაციო მაგალითებს, ისევე როგორც მთელ რიგ დანართებს, ძირითადი ჩამონათვალებით და ფორმებით. პრაქტიკოს-ბუღალტერმა ეს სახელმძღვანელო უნდა გამოიყენოს როგორც თავისი პროფესიული გადაწყვეტილების ფონზე, ასევე თითოეულ კონკრეტულ კომპილაციურ გარიგებაში მოცემული გარემოებებისა და ფაქტების გათვალისწინებით.

  • პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის სახელმძღვანელოები

 ახალი რეგულაციებით  განსაზღვრულია პროფესიული სერტიფიცირების მოდულების სახელმძღვანელო ლიტერატურის განახლება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ.   დადგენილი მოთხოვნის შესასრულებლად, სამუშაოების მოცულობის და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, ლიტერატურის განახლების ღონისძიები დაგეგმილი იყო ორ ეტაპად, პირველი ეტაპის სამუშაოები განხორციელდა 2018 წელს. საანგარიშო პერიოდში დასრულდა პროგრამის შემდეგი მოდულების განახლებული რედაქციით თარგმნა და გამოცემა: ქართული ბიზნესსამართალი; საქმიანობის შედეგების მართვა; ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბა; აუ­დი­ტი და მარწმუნებელი მომსახურება; კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ან­გა­რიშ­გე­ბა; აუდიტი და მარწმუნებელი საქმიანობა.  პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის წიგნების განახლების სრული ციკლი დასრულდა 2019  წლის დეკემბერში.

 

  • ტრენინგები

 

  • აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული რეგიონული ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში (2-4 აპრილი) ჩატარდა ტრენინგი ტრენერებისათვის, რომლებიც სემინარებს ჩაატარებენ აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებით დაინტერესებული აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმებისათვის. ტრენინგში მონაწილეობდა პროფესიული ორგანიზაციების წევრი აუდიტური კომპანიების წარმომადგენელი 12 აუდიტორი. სემინარს უძღვებოდა ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტის  (ICAEW) საერთაშორისო კომპეტენციების განვითარების უფროსი მენეჯერი ჟონ ჰუპერი. ტრენინგზე გადამზადებული პირები უზრუნველყოფენ სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებული მასალების მომზადებას და სემინარების ჩატარებას,  რომელიც დაგეგმილია 2020 წლის განმავლობაში ყველა აუდიტორული ფირმისა და პრაქტიკოსისათვის, რომლებიც  მას უფასოდ გაივლიან, ან გადაიხდიან სიმბოლურ თანხას;

 

  • აუდიტის მეთოლოგიაში  დაგეგმილი ტრენინგების ხელშეწყობის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ბაფის თანამშრომლობით, თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა ერთთვიანი ინტენსიური კურსი აუდიტორებისათვის.  კურსი სრულად დაფინანსებული იყო მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ. კურსი მოიცავდა   ისეთ საკითხებს, როგორიცაა: რისკების შეფასება, აუდიტის დაგეგმვა და დოკუმენტაცია, შიდა კონტროლი, აუდიტის პროცედურები, აუდიტის დასრულება და მიმოხილვა. ჩატარებულ ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს გაუადვილდებათ აუდიტის მეთოლოგიაში  დაგეგმილი ტრენინგის გავლა;

 

  • ბაფი განიხილავს  აგრეთვე, ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობას თემაზე: აუდიტის სახელმძღვანელოს  პრაქტიკაში დანერგვა ქართულ ენაზე თარგმნილი  აუდიტის პროგრამა  E-dok-ის გამოყენებით. ანგარიშის მომზადების პერიოდისათვის, ამ მიმართულებით ტრენინგების ჩატარებისა და ღირებულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. 

 

  • ახალი რეგულაციები მესამე კატეგორიის საწარმოებს მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო სტანდარტებით  ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას ავალდებულებს. ამიტომ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ამ კატეგორიის საწარმოთა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება, რათა სწორად გაიგონ ამ კანონის მიერ დაკისრებული ვალდებულებები და გაუმარტივდეთ საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულება. ამ მიმართულებით, 36 საათიანი ტრენინგები ჩატარდა თბილისსა (3 ჯგუფი) და ქუთაისში (2 ჯგუფი) თემაზე - ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (IFRS FOR SMEs). ტრენინგები დაფინანსებული იყო მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის  „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ“ ფარგლებში. ანალოგიური ტრენინგები  დაგეგმილია 2020 წლისათვის  ბათუმში, ხაშურში, რუსთავსა და თელავში.

 

დონორებთან თანამშრომლობა

  • ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის  ინიციატივით, ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტმა (ICAEW) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული აუდიტორების და აუდიტორული ფირმების ხარისხის გაუმჯობესება. პროგრამას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრი (CFRR). საანგარიშო პერიოდში, აუდიტის სახელმძღვანელოს თარგმანასა და მომზადებაში, ბაფი თანამშრომლობდა გაერთიანებული სამეფოს წამყვან პროფესიულ ორგანიზაციასთან -ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტთან (ICAEW) და მსოფლიო ბანკთან. აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოების დაგეგმვაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს 2020 წელს;
  • სერტიფიცირების პროგრამის ლიტერატურის განახლების სამუშაოებისა და ფინანსური რესურსების მოცულობის გათვალისწინებით, ბაფისათვის მნიშვნელოვანი იყო დონორების ფინანსური მხარდაჭერა. სანგარიშო პერიოდში სახელმძღვანელოების მომზადების, განახლებისა და გამოცემის სამუშაოების ძირითადმა (პირდაპირი) ხარჯებმა შეადგინა 213, 776 ლარი, საიდანაც ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის პროექტების მიერ დაფინასებული იყო 81000 ლარი. მათმა მხარდაჭერამ შესაძლებელობა მოგვცა სერტიფიცირების პროგრამის ყველა სახელმძღვანელოს განახლება დაგვესრულებინა საანგარიშო წელს;

 

  • ვიზიტი საბერძნეთში. საქართველოში აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მიმდინარე წარმატებული რეფორმის კვალდაკვალ, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია  საერთაშორისო გამოცდილებების გაცნობა. გამოწვევად რჩება  მრავალი მცირე ზომის (არა სდპ) აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევა.

2019 წლის 18-19 ნოემბერს „თვინინგის“ პროექტის“ ფარგლებში, ბაფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ორდღიან ვიზიტში საბერძნეთში, სადაც შეხვდნენ კოლეგებს, განიხილეს აუდიტის რეფორმის უპირატესობები და გამოწვევები, ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესების განხორციელებასა და მონიტორინგზე,  გაეცნენ საბერძნეთში მარეგულირებლისა და პროფესიულ ორგანიზაციას შორის ურთიერთობებს.

პრეზენტაციების შემდგომ, საუბარი იყო   პროფესიის  წინაშე არსებულ გამოწვევებზე და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ხარისხის კონტროლის დადგენილ მოთხოვნებთან  მცირე  ზომის აუდიტორული ფირმების შესაბამისობის მიღწევის  შესაძლებლობების განხილვას.

საბერძნეთში აუდიტის სფეროში  განხორციელებული რეფორმის გაცნობამ დაგვანახა, რომ ადგილობრივი აუდიტორების (197 აუდიტორი) გაერთიანების შედეგად შექმნილი კომპანია (SOL Crowe) საბერძნეთის აუდიტის ბაზრის ლიდერია.

ჩვენი აზრით, საბერძნეთის აუდიტის პრაქტიკის  გაცნობა საქართველოში მოქმედი მრავალი მცირე აუდიტური ფირმისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება მათი   ნებაყოფილობით საწყისებზე შერწყმისა და განვითარებისათვის. 

თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ერთობლივი ძალისხმევით (თვინინგის პროექტი, სარასი, პროფესიის წარმომადგენლები), დაიგეგმოს და 2020 წელს ჩატარდეს კონფერენცია „საქართველოში მიმდინარე აუდიტის რეფორმის მხარდაჭერა“. კონფერენციაზე მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეთ  აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო ზომის ფირმების წარმომადგენლებს. კონფერენციის შედეგების პრაქტიკაში დანერგვა უფრო მეტად  ხელშესახები  გახდება, თუ მცირე ზომის აუდიტურ ფირმებს, ჩატარებული ხარისხის კონტროლის მონიტორინგის შედეგად,  ეცოდინებათ რომელ კატეგორიას აკმაყოფილებენ.

  • აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში შესაძლებელი გახდა გვეთარგმნა:  „თქვენი ფირმის საქმიანობის დაგეგმვა; კლიენტებთან ურთიერთობის მართვა;კომპილაციური გარიგების სახელმძღვანელო“.

 

ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრობის

 ვალდებულების შესრულება

ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAC) წევრებისაგან მოითხოვს სამოქმედო გეგმების რეგულარული განახლებას, წევრების შესაბამისობის პროგრამის (SMO) ფარგლებში. IFAC-ის წევრები ატარებენ თვითშეფასებას SMO მოთხოვნების შესაბამისად და ავლენენ იმ სფეროებს, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას. შეფასების შედეგების საფუძველზე, წევრები შეიმუშავებენ SMO სამოქმედო გეგმას, რათა  აჩვენონ, თუ როგორ ასრულებენ ისინი SMO მოთხოვნებს და თუ ზოგიერთი მოთხოვნა ჯერ კიდევ არ არის შესრულებული, წარმოადგინონ მათი შესრულების გეგმები.

წევრობის შესაბამისობის პროგრამის (SMO) მოთხოვნების შესაბამისად, საანგარიშო წელს  განახლდა ბაფის 2020—2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოწონებულ იქნა IFAC-ის შესაბამისი სტრუქტურის მიერ და განთავსებულია მათ ვებგვერზე.

 

ფინანსური შედეგები და ფუნქციონირებადობა

საანგარიშგებო პერიოდისათვის დაგეგმილი ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობა, მუხლობრივად და თანხობრივ პარამეტრებში, მოცემულია 2019 წლის ბიუჯეტში, რომელიც გამოქვეყნებულია და მისი გაცნობა შესაძლებელია  ვებგვერდზე: baf.ge – „ საქმიანობის ანგარიშები“.

საქმიანობის ანგარიშთან ერთად, უახლოეს პერიოდში დასრულდება 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება და  დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნასთან ერთად, განთავსდება  ვებგვერდზე: baf.ge – „საქმიანობის ანგარიშები“.

ინფორმაციის საჯაროობიდან გამომდინარე, წარმოდგენილ საქმიანობის ანგარიშში, ბიუჯეტის შესრულებისა და ფინანსური საქმიანობის დეტალებს არ მიმოვიხილავთ. მოკლედ აღვნიშნავთ, რომ აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშგებო წელს განხორციელებული საქმიანობა თანხვედრაშია ბიუჯეტით დაგეგმილთან.   

საანგარიშო პერიოდის შემდეგ COVID 19-ით შექმნილი რთული ვითარება, მნიშვნელოვნად იმოქმედებს ბაფის საქმიანობაზე. რომლის შედეგების აღმოსაფხვრელად  გადაისინჯება 2020 წლის ბიუჯეტი და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. გასული წლების ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი აჩვენებს, რომ COVID 19-ის გავლენის მიუხედავად, ბაფის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება, რადგან აქვს შესაბამისი ფინანსური რეზერვი აგრეთვე,  ბაფის ფინანსური მდგრადობის გარანტია წმინდა აქტივების ღირებულება და ლიკვიდობის მაღალი დონე.

  

ლავრენტი ჭუმბურიძე

ბაფის აღმასრულებელი დირექტორი

 

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge